მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვეყნებში აქვთ უდიდესი გამოწვევები, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მაღალი თანამდებობის პირები, ამ დროს იცლიან და საქართველოზე აკეთებენ განცხადებებს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ზეწოლისა თუ შანტაჟისა, ქართველი ხალხი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ „რუსთაველზე ბომბების წვიმა წამოვიდეს.“
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს ერთი განსაკუთრებული მისია გარკვეული ძალებისთვის, ამ მისიას საქართველო არ ასრულებს და მასზე იძულების, თითის დაქნევისა თუ შანტაჟის მიზნით, ასეთი განცხადებები კეთდება. მაგრამ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რაც არ უნდა შანტაჟი იყოს, ღირსეულ ქართველ ხალხს ვერ გადაადგმევინებენ იმ ნაბიჯებს, რომ მერე შესრულდეს ლომჯარიას სურვილი და რუსთაველზე ბომბების ცეცხლის წვიმა წამოვიდეს. ასეთი რამ არ მოხდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.