აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე „მეგობარი აქტის“ ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოქვეყნდა.
კონგრესმენმა ჯო უილსონმა „მეგობარი აქტი“ სამ კონგრესმენთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონსა და მარკ ვიზისთან ერთად კონგრესში ხელახლა წარადგინა.
როგორც კონგრესმენ უილსონის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიმართულია საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, კერძოდ, რუსეთის.
კერძოდ, პრესრელიზის თანახმად, „მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს. ის პირები, რომლებიც, აღმოჩნდება, რომ ჩართული იყო კორუფციაში ან ლახავდა საქართველოს სუვერენიტეტს, დასანქცირდება. აქტი უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ. ინიციატივა ასევე მოითხოვს „სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ“.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ „მეგობარი აქტი“ არის აშშ-ის წამყვანი ინიციატივა, რათა „წინააღმდეგობა გაუწიოს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, დაუახლოოს საქართველო ირანის რეჟიმს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და რუსეთს“. როგორც გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, ასევე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებთან და მოსალოდნელია, რომ მისი დამტკიცება მალე მოხდება.
„ოქტომბრის არჩევნები, რომლებსაც მოჰყვა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ შოკის მომგვრელი გამარჯვება, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოცხადდა, როგორც ფუნდამენტური ხარვეზებით ჩატარებული. არალეგიტიმურმა პარლამენტმა დანიშნა არალეგიტიმური მარიონეტი პრეზიდენტი. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ მათი მრავალწლიანი სწრაფვისას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
კონგრესმენ სტივ კოენის თქმით, ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და აშშ უნდა დაეხმაროს მათ, „მეგობარი აქტი“ ქართველი ხალხის დახმარებას უზრუნველყოფს პუტინის პაიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ურთიერთობების გაღრმავების დაპირებით ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აპატიმრებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახმარებას უზრუნველყოფს პუტინის პაიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ურთიერთობების გაღრმავების დაპირებით ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში“, – განაცხადა კოენმა.
კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონის თქმით, კანონპროექტი აძლიერებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ
„ვლადიმერ პუტინი არის ბოროტი დიქტატორი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას საქართველოში და ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. ეს კანონპროექტი აძლიერებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შევეგუებით მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს“, – განაცხადა ჰადსონმა.
კონგრესმენ მარკ ვიზის თქმით, აშშ და კონგრესი მტკიცედ დგანან საქართველოს მოსახლეობის გვერდით.
„ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი მამაცურად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის. „მეგობარი აქტი“ ახლა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ეს არის მხარდაჭერის არსებითი აქტი, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს საქართველოში, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და დაიცვან თავიანთი თავისუფლებები“, – განაცხადა ვიზიმ.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის თქმით, „მეგობარი აქტი“ ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას.
„ეს კანონპროექტი ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას. მე ვდგავარ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მათ მოწოდებაში. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აძლევს არჩევანს, უარი თქვან მომავალ დიქტატორ ივანიშვილზე ან დადგნენ სანქციების წინაშე. საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის!“ – განაცხადა უილსონმა.
ერთი პოსტი 1000$ ყოფილა. ამ პრესრელიზში ალბათ 10 მაგდენი მაინც მოუწევს. არ არის გამორიცხული ტრამპის ადმინისტრაციაშიც ჰქონდეს გავლენა. ფული ყველას უნდა, მით უმეტეს, როცა ყველაფერ ამას კანონიერი ლობიზმი ეწოდება. სანამ დაიქირავებდნენ, ამერიკეითა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ალბათ საერთოდ არ იცოდა სად მდებარეობს საქართველო და როგორც კი გადახდას შუწყვეტენ, ისევე დაავიწყდება, როგორც შარშანდელი თოვლი.