"დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს" - ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ვიდეომილოცვის მონტაჟთან დაკავშირებით

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მას და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პატრიარქის მილოცვასთან არაფერი აკავშირებთ და მიიჩნევს, რომ ვიდეოზე, სულ მცირე, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მონტაჟია.

"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი "საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს" იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი", - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.