სლოვაკეთის საგარეო უწყებამ უარყო ზელენსკის განცხადება „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ

სლოვაკეთის საგარეო უწყებამ უარყო ზელენსკის განცხადება „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ.

„სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება უკრაინული მხარის განცხადებებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებებთან დაკავშირებით. ეს რეაქციები აღიქმება, როგორც გადაჭარბებული. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ყოველგვარ უსაფუძვლო განცხადებას „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ, ისევე როგორც შეთითხნილ ბრალდებებს ვლადიმირ პუტინთან რაიმე ალიანსის თაობაზე“, - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სლოვაკეთის მთავრობას სრულად ესმის, რომ უკრაინა განიცდის ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტს, მაგრამ „სწორედ ამიტომ, მან თავი უნდა შეიკავოს ახალი მოწინააღმდეგეების შექმნისა და „მეორე ფრონტის“ იდეის შექმნისგან“.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა აბსურდული წინადადება ევროპული საბჭოს სხდომაზე - „იყიდოს“ სლოვაკეთის თანხმობა ნატოში გაწევრიანებაზე, არა უკრაინის საკუთარი რესურსებით (ასეთი თანხმობა არ იყიდება), არამედ რუსეთისგან ჩამორთმეული აქტივებით. ახლა ის ემუქრება სლოვაკეთს ევროკავშირით, რომლის წევრიც უკრაინა ჯერ არ არის. ასეთმა მიდგომებმა შეიძლება სწრაფად უკუშედეგი გამოიღოს თავად უკრაინისთვის. სლოვაკეთის მთავრობა ვალდებულია, დაიცვას უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები. შესაბამისად იმოქმედებს, იმისდა მიუხედავად, დაუჭერს თუ არა უკრაინული მხარე ამას“, - განაცხადეს სლოვაკეთის საგარეო უწყებაში.