„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. ამბასადორიალი ის ფორმატია, სადაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაჯისცემა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და მთელ მსოფლიოში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დიპლომატებს წამყვანი როლი ენიჭებათ საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესების დაცვაში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვადასხვა ქვეყანასთან მეგობრული კავშირების გაძლიერებაში.
„2024 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რთული პოლიტიკური მოვლენებით, ასევე, გეოპოლიტიკური და გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა. ამ ვითარების ფონზე, საქართველო განუხრელად რჩება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების ერთგული. 2024 წელს საქართველოში ჩატარდა ისტორიულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. გადავედით სრულად პროპორციულ სისტემაზე და, ასევე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დავნერგეთ, რაც საეტაპო ნაბიჯებია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
გასულ კვირას გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლითაც, შეიძლება ითქვას, დასრულდა ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ჯგუფის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საპირწონედ, მნიშვნელოვანია ელჩების აქტიური საქმიანობა, რათა შეწყდეს თავდასხმები ქართულ დემოკრატიაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევის საკითხს.
„კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა გახლდათ საარჩევნო კოლეგიის მიერ პარლამენტის სასახლეში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევა, რითაც სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.
გუშინ, პარლამენტის სასახლეში, ჩატარდა პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელმაც საბოლოოდ მოიყვანა სისრულეში საქართველოს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის, პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა.
საპარლამენტო მმართველობის სრულყოფილად შემოღება კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის კვლავ იქნება ორიენტირებული საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაზე.
„ბოლო წლების განმავლობაში, ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე რეგიონში ჩვენმა ხელისუფლებამ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შეძლო უამრავი ურთულესი საფრთხის მოგერიება, წინასწარი განზრახვით ჩადებული თუ საერთაშორისო ვითარებით განპირობებული ნაღმების გაუვნებელყოფა.
ჩვენ შევძელით ქვეყანა ქარიშხლებში უვნებლად გამოგვეტარებინა და თან ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპაში წამყვანი ქვეყანა გავხდით. უსაფრთხოების გამოწვევები არსად წასულა. ამიტომ, ქვეყნის წინაშე ჩვენი ვალია, ეროვნული ინტერესების დაუზიანებლად და თავდაუზოგავად შევძლოთ საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიღწევების მსოფლიოსთვის გაცნობა, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტული მიღწევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფართოდ გატანა.
„მეორე მხრივ, ძალიან დიდია თქვენი როლი სხვა ქვეყნებში არსებული კარგი პრაქტიკის ჩვენი ქვეყნისთვის გაზიარებასა და დანერგვაში.
სამომავლოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი დიდ ძალისხმევას მიმართავს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებზე, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, რითაც არაერთხელ დაგვიდასტურებია და კვლავაც დავადასტურებთ, რომ საქართველო წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს და ასრულებს იმ „საშინაო დავალებას“ რომელიც ნამდვილი ევროპული ინტეგრაციის საფუძველია.
ძვირფასო ელჩებო, დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. ერთად შევძლებთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ღირსეული სტატუსის შენარჩუნებას და იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.