ფოტო: რობერტ ფიცო / Facebook
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ უკრაინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
წერილში ფიცომ აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ცალმხრივად, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ან კონკრეტულ წევრ სახელმწიფოებთან ღია კონსულტაციების გარეშე, განაცხადა, რომ 1-ლი იანვრის შემდეგ უკრაინა არ უზრუნველყოფს რუსეთიდან გაზის ტრანზიტს თავისი ტერიტორიის გავლით.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას გადაწყვეტილების გამო „მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგება“.
არგუმენტად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა გათვლები, თუ როგორ გამოიწვევს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება ევროკავშირში დამატებით ხარჯებს.
გარდა ამისა, ფიცომ დაუშვა, რომ ევროპიდან უკრაინაში გაზის ექსპორტის რეალური შესაძლებლობა შეწყვეტს არსებობას და უკრაინას მოუწევს მხოლოდ საკუთარი წარმოების გაზზე დაყრდნობა.
„უკრაინის გავლით სლოვაკეთში [გაზის] ტრანზიტის ცალმხრივი შეწყვეტა ევროპის მოქალაქეებს, ბიზნესსა და ინფრასტრუქტურას წლიურად ათეულობით მილიარდ ევროს წაართმევს“, - აღნიშნა მან.
ფიცოს თქმით, „ჩუმი თანხმობა უკრაინის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სრულიად ირაციონალური და არასწორია და გამოიწვევს დაძაბულობასა და საპასუხო ზომებს“.