აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა აღიაროს დანაშაული და ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში. ამის შესახებ მან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეარხ AZTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ავიაკატასტროფის შესახებ დსთ-ს სამიტზე გაფრენისას შევიტყვე. ბაქოში დაბრუნებისას ჩემი ბრძანებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია და აქტაუში მაშინვე გაიგზავნა. ბუნებრივია, საწყის ვერსიებზე მუშაობა დაიწყო. საბოლოო ვერსია „შავი ყუთების“ გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტია, თვითმფრინავი გარედან დაზიანდა. ვიცით, რომ ის უმართავი გახდა რადიოელექტრონული ომის საშუალებით. რა თქმა უნდა, თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს და ტერორისტული აქტის ჩადენაზე საუბარი არ არის.
ამიტომ, ბოდიშის მოხდა რუსეთის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯი იყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან უაზრო ვერსიების გარდა არაფერი მოგვისმენია.
რუსულ მხარეს ჩვენი მოთხონები 27 დეკემბერს ოფიციალურად გადაეცა. პირველ რიგში, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორეც, მან უნდა აღიაროს თავისი დანაშაული. მესამე, უნდა დაისაჯოს დამნაშავეები, დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპენსაცია გადაუხადოს აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის ოჯახის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ უკვე შესრულდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სხვა პირობებიც შესრულდება. ყველა ეს პირობა სამართლიანია. აქ არავითარი განსაკუთრებული მოთხოვნა არაა“, - აღნიშნა ალიევმა.