ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბიზნესმენებთან შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე კონკრეტული ბიზნესმენი, რომელიც შეერთებულია განცხადებას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
„მე მქონდა მათთან დიალოგი უშუალოდ ამ შეხვედრის ფორმატში და მათ ასევე შევთავაზე ღია დისკუსიის გამართვა სატელევიზიო ფორმატში, პირდაპირ ეთერში, თუმცა მათ ამაზე თქვეს უარი. მათ აქვთ პირდაპირი კავშირები რუსეთთან ბიზნესის თვალსაზრისით, რაც ნორმალურია. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი. დახურული შეხვედრა მათთვის არის კომფორტული, რადგან შეიძლება, იქ რაღაცაში უსაყვედურო და ეს გარეთ არ გამოდის, მაგრამ მათთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი კრიტიკის მოსმენა საზოგადოების წინაშე. იქ პირდაპირ გამოჩნდება, რომ სინამდვილეში მათი ორმაგი სტანდარტის უკან არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ განცხადებებს უერთდებიან არა გულწრფელად, არა საკუთარი გულწრფელი მოსაზრებები გამო, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიკერძოების გამო, რის უკანაც ხშირად შეიძლება, იდგეს ერთგვარი მერკანტილური გათვლები და ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.