კახა კალაძე: ბევრს არ სჯეროდა, თუმცა აშშ-ის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად იყო დასანქცირებული

კახა კალაძე: ბევრს არ სჯეროდა, თუმცა აშშ-ის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად იყო დასანქცირებული

ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის დამადასტურებელი იმის, რაზეც ვსაუბრობდით ამ დროის განმავლობაში. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდათ კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად იყო დასანქცირებული. გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ სანქციების შემდეგ, მოგებულ თანხაზე გადმორიცხვის უფლება შეუჩერდება. ყველაფერი ნათელია. რას ითხოვდნენ ეს ადამიანები? ითხოვდნენ პირდაპირ ომში ჩართვას, ქვეყნის ინტერესებს დათმობას, რაც უმძიმესი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად ხდებოდა მთავრობის შანტაჟი, კაბინეტებში ხელის გადაგრეხვის მცდელობებიც იყო, სანქციებზე მიერთებისკენ მოწოდებები იყო, ეს ყველაფერი დამღუპველი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, შეგვშინებოდა ზეწოლის და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯები, მაშინ დავკარგავდით ქვეყანას და ეს იქნებოდა უმძიმესი ფაქტი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ერთი ადგილიდან იმართება.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მარტივად არის. ერთი ადგილიდან იმართება ყველაფერი და ეს განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგებულ სასამართლო დავას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მოგებული თანხა, რომელიც ივანიშვილს უნდა ჩაერიცხოს, ეს ვერ მოხდებაო. ანუ რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ ამ თანხებით შანტაჟი მიმდინარეობდა, ეს დადასტურდა. დღეს აღნიშნულ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარავის აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.