შალვა პაპუაშვილი: დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება საპატიო მისიის აღსრულებაში

შალვა პაპუაშვილი: დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება საპატიო მისიის აღსრულებაში

დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, 33 წლის თავზე ჩვენ ვმართავთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ცერემონიით, სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები.

„ორი კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის, ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს, 1 120 000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებასა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენაში მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გვსურს ასევე საფუძველი ჩავუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საქართველოს პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. დაიბეჭდა მისი სამი თანაბარწონადი ეგზემპლარი, რომლიდანაც ერთი შეინახება საქართველოს პარლამენტში, ერთი დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ერთი - საქართველოს ეროვნულ არქივში. საინაუგურაციო კონსტიტუციის ზუსტი ასლები ასევე გადაეცემა პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრებს და ინაუგურაციაზე დამსწრე პირებს. „მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შემკული ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ეს ბიბლიაც დაცული იქნება საქართველოს პარლამენტში, როგორც მომავალი პრეზიდენტების საინაუგურაციო ბიბლია. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება! მინდა, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.