ვლადიმერ ბოჟაძე: ვერც ფაქტობრივი სანქციებით, ვერც ამ სანქციებით ივანიშვილს ვერ აიძულებენ, საკუთარი ფინანსების გამო უარი თქვას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე

ვლადიმერ ბოჟაძე: ვერც ფაქტობრივი სანქციებით, ვერც ამ სანქციებით ივანიშვილს ვერ აიძულებენ, საკუთარი ფინანსების გამო უარი თქვას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე

ვერც ფაქტობრივი სანქციებით, ვერც ამ სანქციებით ივანიშვილს ვერ აიძულებენ, საკუთარი ფინანსების გამო უარი თქვას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კითხვაზე, რატომ „ისჯება“ ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ისჯება“ მშვიდობისთვის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულისთვის.

მან „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული პროცესიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადვოკატებთან ერთად საერთაშორისო სასამართლოებში მოუწია დავა კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად.

„გახსოვთ ოპოზიციის პოზიცია, ან ამერიკის საელჩოს განცხადებები, რომ ეს იყო კერძო დავა ბანკსა და ინვესტორს შორის, ისინი ამ პროცესში არ ერთვებოდნენ და ასე შემდეგ, თუმცა, გუშინ დაწესებული სანქციები უკვე გახდა იურიდიული და სამართლებრივი სანქციები, რომელსაც შესაძლოა, ერთადერთი შედეგი ჰქონდეს, რომ ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა მოუგო შვეიცარიულ ბანკს, შესაძლებელია, არ დაუბრუნდეს, ან ამერიკის შეთანხმების გარეშე ვერ დაუბრუნდეს, სწორედ ამ სანქციებიდან გამომდინარე.

ფაქტობრივად, როდესაც 3 წლის განმავლობაში ადამიანს აშანტაჟებდნენ საკუთარი ფინანსების ვერ განკარგვით, მოიგო სასამართლო პროცესები და ახლაც დაეწია სანქციები იმ ნაწილში, რათა კვლავ იცოდეს, რომ ვიღაცის და ამ შემთხვევაში, ამერიკის ხელისუფლების ხელშია სანქციებიდან გამომდინარე მისთვის ფინანსების დაბრუნების რესურსი. თუმცა, რადგან ეს საბოლოო ჯამში, გაცხადდა და იურიდიულ დონეზეც გაფორმდა, იმას ნიშნავს, რომ იმის იქით ან ბიძინა ივანიშვილზე, ან ჩვენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი უბრალოდ აღარ არსებობს ბუნებაში, რადგან ამის იქით რაღა შეიძლება, რომ გაკეთდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ფაქტობრივი სანქციებით, ვერც ამ სანქციებით ივანიშვილს ვერ აიძულებენ, საკუთარი ფინანსების გამო უარი თქვას საკუთარი ხალხისა და ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთან მიმართებაში დაწესებული სანქცია საფრთხის შემცველი არ არის, რადგან ის ფიზიკურ პირს, ივანიშვილს ეხება.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიამოვნო და მისასალმებელი არ არის, თუმცა, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი ერთადერთი მიზეზის გამო კეთდება, რომ ადამიანი დაისაჯოს საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დაცვის გამო, ეს ჩვენი გუნდის, პარტიის ყველა წევრისთვის დამატებით მოტივაციაა - ყველასთვის, ვინც ამ პროცესებში ჩართული ვართ, რომ არანაირი სანქცია, უვიზო რეჟიმის შეზღუდვები თუ ასე შემდეგ, არ იყოს დამატებითი ფაქტორი იმისთვის, რომ სამსახური ღირსეულად არ გავაგრძელოთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოჟაძემ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.