პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების საკითხს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სანქციები არაფერს ცვლის.
„ამ სანქციების თავიდან აცილება ძალიან მარტივად შეიძლებოდა, უბრალოდ ამის საფასური იქნებოდა ქვეყნის სუვერენიტეტი, ის, რომ გადაწყვეტილებები აქ კი არ მიიღებოდეს, არამედ ქვეყნის გარეთ და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თავიდან ავიცილეთ, ეს არის ომში ჩართვა. აქ საუბარია იმაზე, სამშობლოს სიყვარული შეიძლება თუ არა რამეზე გაიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც სამშობლოზე მაღლა რაიმეს დააყენებს. ეს სანქციები არაფერს ცვლის. დე-ფაქტო სანქციები ისედაც არსებობდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს ხელს არ შეუშლის, რომ აკეთოს ის საქმეები, რაც საქართველოს სჭირდება.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.