დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისაც ამ წარმატების მიღწევაში წვლილი მიუძღვის.
„ისტორიაში პირველად, 30 წლის თავზე გავედით ევროპის ჩემპიონატზე. 1994 წელს ჩატარდა პირველი ოფიციალური შესარჩევი მატჩი და ზუსტად 30 წლის თავზე პირველად შევძელით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, ჩვენს ბიჭებს, ვილი სანიოლს და ფეხბურთის ფედერაციას, რომლებმაც საკუთარი შრომით და თავდადებით შექმნეს ძალიან დიდი წარმატება. ძალიან ემოციური იყო თითოეული დღე. მქონდა ბედნიერება, გერმანიაში დავსწრებოდი თამაშებს. ეს იყო დაუვიწყარი დღეები და წუთები, რაც ჩვენმა ბიჭებმა გვაჩუქეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ცალკე აღნიშნა ახალგაზრდული ნაკრების წარმატება, რომელმაც პირველად დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
„განსაკუთრებული მადლობა ბიჭებს და რამაზ სვანაძეს, რომელიც არის გამორჩეული მწვრთნელი. ქალთა ფეხბურთი მუდმივად წინ მიდის და პირველად გავედით საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დიდი წარმატებები გვექნება. მინდა, მწვრთნელებს და ფეხბურთელ გოგონებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 2024 წელი იყო მართლაც გამორჩეული, ისტორიული, განსაკუთრებულად წარმატებული, თუმცა ჩვენ, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და გვინდა, კიდევ უფრო მეტი წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებები წინ არის და მომავალში ძალიან ბევრ გამარჯვებას უნდა ველოდოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ფედერაციის ხელმღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც მათ ფეხბურთის ფედერაციის მართვა გადაიბარეს, ქართული ფეხბურთი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო.
"ჩვენ არ გვქონდა სათანადო წარმატება და დღეს, დაახლოებით 10 წლის თავზე, ქართული ფეხბურთი განვითარების სრულიად სხვა დონეზეა. ამას განაპირობებს ის, რომ ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ და საუკეთესოდ ესმით ქართული ფეხბურთი. რომ არა ეს სიყვარული ფეხბურთის მიმართ და ამ ადამიანების კომპეტენცია, ამხელა წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. მთავრობის სახელით მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება ფეხბურთის წარმატებისთვის. სპორტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ცალკე იქმნება სპორტის სამინისტროც და ესეც არის განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ფეხბურთი საქართველოში არის ნომერ პირველი სპორტის სახეობა, ფეხბურთი იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენს საქმიანობაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით საქართველოს მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალი მიღწევების სპორტს დიდი ყურადღება დაეთმობა.
"გვაქვს კონკრეტული პროექტებიც, როგორიცაა მაგალითად ახალი სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, თამაშებს, მათ შორის ტურნირებს უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ. ასეთი პროექტებიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყანაში სპორტის განვითარებას. მადლობა პირველ რიგში ფეხბურთელებს იმ სიხარულისთვის, რომელიც გვაჩუქეს, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციას, ყველას, ვინც არის ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ქართული ფეხბურთის წარმატება და განვითარება. დარწმუნებული ვარ, 2025 წელიც ძალიან წარმატებული იქნება. ყველას მინდა, გისურვოთ გამარჯვებებით სავსე 2025 წელი. ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვება თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ნომიმანტებსა და გამარჯვებულებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
GFF Awards 2024-ზე საუკეთესოები ასევე გამოვლინდნენ ნომინაციებში: 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი; 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე; 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი; 2024 წლის საუკეთესო მსაჯი; ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 17 წლამდე და 19 წლამდე მოთამაშეებისთვის.