ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: გუშინ ფაქტობრივად დასრულდა არჩევნების არაღიარებაზე საუბარი

ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: გუშინ ფაქტობრივად დასრულდა არჩევნების არაღიარებაზე საუბარი

არჩევნების არაღიარებაზე საუბარი დასრულებულია, რადგან იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

„გუშინ ფაქტობრივად დასრულდა არჩევნების არაღიარებაზე საუბარი, რადგან იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და ასევე იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკუთვნოდათ დაფინანსება, ყველამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება. ერთადერთი პარტია, რომელმაც უარი განაცხადა ეს იყო გვარამიას პარტია, თუმცა როგორც ჩანს, მათ სხვა დამატებითი შემოსავლები აქვთ და მათთვის სახელმწიფო დაფინანსება არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი არის ის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთი საარჩევნო ხმის სიზუსტის დონეზე აღიარა არჩევნების შედეგები, რადგან იცით თქვენ, რომ სახელმწიფო დაფინანსება სწორედ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.