შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს ვიღაცას თავში უტრიალებს გარედან დაუნიშნონ საქართველოს „ნამესტნიკები“, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს ვიღაცას თავში უტრიალებს გარედან დაუნიშნონ საქართველოს „ნამესტნიკები“, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა

სურვილი, რომ საქართველოს გარედან დაუნიშნონ „ნამესტნიკები“, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა, როგორც ჩანს, ვიღაცას თავში უტრიალებს. აბა სხვა რისი გამოვლენა იყო ის, რომ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით, პარტნიორებთან ურთიერთობისას ისმის ორი სიტყვა და ორი ფრაზა, რომელიც მნიშვნელოვანი არის და მანტრასავით მეორდება - ისინი პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ახლა სინამდვილეში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად სცემენ ისინი პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია თუ არა პატივი სცე სხვა ხალხის ნებას და მის არჩევანს. როგორც ჩანს და ამას ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, არიან გარე ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ამ მხრივ, ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიამ გაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ საბჭოთა კავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ რას ვერჩოდით ან ერთს, ან მეორეს? ვერჩოდით მთავარ რამეს, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ ჩვენს სუვერენიტეტს და პატივს არ სცემდნენ ქართველი ხალხის არჩევანს. ახლაც ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგიერთ პოლიტიკოსს. კარლ ბილდტზე არ დავწვრილმანდები. ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, რომელიც ფულით მოქმედებს და ჩათვალეთ, რომ ყოველი მისი განცხადების და დაწერილი წინადადების უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა, ამიტომ ეგრე არ დავწვრილმანდები, მაგრამ ის აჩვენებს, რომ ვიღაცამ ის დაიქირავა ზუსტად ამისთვის, რომ ასეთი იდეები გააჟღეროს და ვიღაცის გასაგონად თქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისთვის და ბრიუსელისთვის არის გამოცდა, ტესტი იმისა, რამდენად ჩააბარებენ მას ევროპელი ლიდერები თუ პოლიტიკოსები და ამას ქართული საზოგადოება აკვირდება - არიან თუ არა ერთგულნი საერთო ევროპული ღირებულებებისა, დემოკრატიისა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან ასე აშკარად.

„კიდევ ერთხელ ეს სურვილი, რომ საქართველოს გარედან დაუნიშნონ „ნამესტნიკები“, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა, როგორც ჩანს ვიღაცას თავში უტრიალებს. აბა სხვა რისი გამოვლენა იყო ის, რომ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, როდესაც სხვა პარლამენტის წევრები, ზოგიერთი ელჩი გამოდის და ქართველ ხალხს ეუბნება რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ეს არის უპატივცემულობა სუვერენიტეტის, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა არის ის, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორისო წესრიგი, ის წესრიგი, რომელსაც დღეს არღვევს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმით და ის ვინც ამ ფრაზებს იმეორებს საქართველოსთან დაკავშირებით, იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ქვეყნები, რომლებიც პატივს არ სცემენ სხვის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამიტომ ვაკვირდებით ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება, ვუყურებთ ვინ არის ნამდვილი ევროპელი და პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს, პატივს სცემს ხალხთა სუვერენიტეტს და ვინ არის ფარისეველი და ევროპულ ნიღაბს ამოფარებული, პოსტსაბჭოთა ლიდერი, თუ რა ვიცი პოსტ რაიმე სხვა კიდევ ლიდერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.