როგორც საქართველოს სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მეგობრული ურთიერთობა, არანაკლებ სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს საქართველოსთან მეგობრობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„შესაბამისად, იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ამ ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას, ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ობიექტურობისთვის, და ამბობენ, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა. ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზი გაუსვეს, რომ „მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არჩეულ ხელისუფლებასთან“ და „ჩვენი სურვილია, მათთან ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რაც დავინახეთ“. მათ დაგვიდეს რეკომენდაციები და მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ეუთო/ოდირთან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.