თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ 

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ 

„ოპოზიციის იდეებზე კომენტარების კეთებაც კი აღარ შეიძლება, იმდენად კომიკური და აბსურდულია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

მისივე თქმით, ოპოზიციას პოლიტიკური ბალადის შექმნა სურდა, თუმცა პოლიტიკური სატირა შექმნეს.
  
„ოპოზიციის იდეებზე კომენტარების კეთებაც კი აღარ შეიძლება, იმდენად კომიკური და აბსურდულია. რა დააშავა ამ ქვეყანამ ასეთი, რომ ნორმალურ ოპოზიციას ვერ ეღირსა? რადგან ამ რეალობის წინაშე ვართ, მივყვეთ მათ გეგმებს.
 
შიდადაპირისპირების, კრიტიკის და ურთიერთბრალდებების ფონზე ჯერ კიდევ ახერხებენ ფასადურ ერთობას, რადგან ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთიდან და ერთი მიზნისთვის იმართებიან - სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

მართალია, ჯერჯერობით არც გადატრიალება ჩანს და არც რევოლუცია, თუმცა, გადაუტრიალებელ სახელმწიფოში უკვე დღე-დღეზე ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციური “საბჭო” შემოგვთავაზა, რომელმაც თურმე უნდა მართოს ქვეყანა, ანუ, საქართველოში ორხელისუფლებიანობისთვის ემზადებიან, თუმცა, არ სცოდნიათ რა არის ორხელისუფლებიანობა. 

ეს სცენარი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან დაწყებული, ბევრგან გვაქვს ნანახი და ყველგან ლიბერალ-სოციალისტების თაოსნობით, მაგრამ ის თუ იცის ჩვენმა ოპოზიციამ, რომ ჯერ რევოლუცია უნდა მოაწყონ ნაწილობრივ მაინც, წაართვან რამდენიმე ინსტიტუტი, შეიტანონ განხეთქილება ძალოვნებში და ხალხის უდიდესი ნაწილი გადაიბირონ? 

საინტერესოა, ზურაბიშვილი საკუთარი “საბჭოს” გადაწყვეტილებებს რომელ ბეჭედს დაუსვამს და შემდეგ ვინ აღასრულებს მის ბრძანებებს, ან რა ფინანსებით? თუკი ბრძანება ვერ გაეცი და მას აღსრულება არ მოჰყვა გადაბირებულ ინსტიტუტებში მაინც, მაშინ ეს ორხელისუფლებიანობა კი არა, მხოლოდ საკუთარი თავის ხელისუფლებიანობაა, რაც ისედაც აქვთ. რაც შეეხება უცხოურ მხარდაჭერას, მათი მცდელობაც ფუჭია, რადგან ლეგიტიმაციას  ხალხი აძლევს ხელისუფლებას და არა უცხოეთი.

ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა  შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ. უმჯობესია დაფიქრდნენ ამაზე, სანამ ეს სატირაც მათსავე ტრაგიზმში გადაზრდიათ,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.