უნდათ, სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს, ან მთავრობას არ ამტკიცებს და შესაბამისად, ქვეყანა მართვის გარეშე რჩება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა წმინდა წყლის სპექტაკლია.
„აქ მთავარი თემაა, რომ პრეზიდენტი, მათი აზრით, აწერს ხელს ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის თაობაზე. ეს არის ღერძი იმ საკითხების გარშემო, დანარჩენი ყველაფერი, რასაკვირველია, არის ანტურაჟი. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს, ან მთავრობას არ ამტკიცებს და შესაბამისად, ქვეყანა მართვის გარეშე რჩება. ეს არ მომხდარა. ვინაიდან ეს არ ხდება და უნდათ პრეზიდენტი ამ ავანტიურაში ჩართონ, ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების და განვითარების თაობაზე, სხვაზე არაფერზე, ვინაიდან ადამიანები, ვინც ახლა პრეზიდენტის გარშემო შეკრებილები არიან, ისინი გუშინ მას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. პრეზიდენტმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და რასაკვირველია, ამ სცენარის განვითარება ყველს ერთად წარმოუდგენია მხოლოდ რევოლუციის გზით. რეალურად, რაც ხდება, აირჩა პარლამენტი, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, მთავრობას გააჩნია პროგრამა და გააჩნია უშველებელი ვალდებულება ხალხის წინაშე, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინაშე, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. ეს მოცემულობაა და მეორე მოცემულობის შექმნა უნდათ, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ხალხი, საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები დაპირისპირებულიყვნენ, მომხდარიყო გადაცდომების გარკვეული ფაქტები, მათ შორის, პროვოცირებული საშინელი ბრუტალური თავდასხმით პოლიციაზე. ეს არის მთლიანი სცენარი და ამ სცენარს საზოგადოებამ თვალი უნდა მიადევნოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.