ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, რომელმაც ქართულ ჯარს მიმართა, რომ „ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ და უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.
„თურმე, ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზე ზნედაცემული საქციელი არ არსებობს. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ხაზარაძე ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებითაა დაკავებული. ახლა მიღებული აქვთ დავალება, რომ ჯარს მოუწოდონ, რომ ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს არ დაემორჩილოს.
ჩვენ გვყავს ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც არიან ქვეყნის პატრიოტები, რომლებსაც თავიანთი სისხლი და ოფლი აქვთ დაღვრილი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ამ შარლატანებმა, როგორიც მამუკა ხაზარაძეა, რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას მოუსმენენ და პატივს სცემენ დადებულ ფიცს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.