The Insider: პუტინის დასანქცირებული საკვანძო ოლიგარქები ევროპასთან ვაჭრობით მილიარდების შოვნას აგრძელებენ

The Insider: პუტინის დასანქცირებული საკვანძო ოლიგარქები ევროპასთან ვაჭრობით მილიარდების შოვნას აგრძელებენ

კომპანიები, რომელთა აქციონერები არიან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მილიარდერები, უპრობლემოდ აგრძელებენ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ევროპაში. სტატიას ამ შინაარსით The Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ასეთი ადამიანები ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ხვრელებით სარგებლობენ და დაბრკოლებების გარეშე მუშაობენ ევროკავშირის ბაზარზე. ამრიგად, მილიარდობით შემოსავალს ნახულობენ ისეთ ოლიგარქები, როგორებიც არიან გენადი ტიმჩენკო, ალიშერ უსმანოვი და ოლეგ დერიპასკა.

The Insider-ის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ მყოფი ოლიგარქები საკუთარ კომპანიებში აქციების საკონტროლო პაკეტს სხვა ადამიანებზე აფორმებენ, რაც მათ ფორმალურად დასავლეთში ბიზნესის კეთების საშუალებას აძლევს.

ასე მოიქცა ოლეგ დერიპასკა. მან საკუთარ კომპანიებში En+ და „რუსლაში“ მისი წილები შეამცირა. დღეს დერიპასკა En+-ში წილების 35% აკონტროლებს. En+, თავის მხრივ, „რუსალის“ 57% აკონტროლებს.

სანქციებს გვერდს უვლის „რუსალის“ მეორე აქციონერიც, ბიზნესმენი ვიქტორ ვექსელბერგი. 2024 წლის პირველ ნახევარში „რუსალის“ ევროპიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მას აქვს საწარმოები გახსნილი შვედეთში, ირლანდიაში, გერმანიასა და იტალიაში.

დასავლეთიდან მიღებული ფულით დერიპასკა მის კერძო სამხედრო კომპანიას აფინანსებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს ომობს. 2022 - 2024 წლებში დერიპასკას შემოსავალი 1,5 ჯერ გაიზარდა და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კიდევ ერთი სანქცირებული ბიზნესმენი, რომელიც ევროპაში პრობლემის გარეშე ვაჭრობს, ალიშერ უსმანოვია. მან დერიპასკას მსგავსად მის კომპანიაში USM-ში საკუთარი წილი 49%-მდე შეამცირა. USM-ის შემადგენლობაში რუსეთსა და დსთ-ში რკინის მადნის უმსხვილესი კომპანია „მეტალოინვესტი“ შედის. კომპანია პრობლემის გარეშე ახერხებს საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანას.

უსმანოვის პარტნიორი რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი ანდრეი სკოჩია. The Insider-ის მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან უსმანოვის და სკოჩის ქონება 13,4 და 6,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ევროპაში დაბრკოლებების გარეშე ვაჭრობს, „ფოსაგროა“. მისი მფლობელი ოლიგარქი ანდრეი გურიევია. მას კომპანიის 48,5% ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ გურიევი მიხეილ ხოდორკოვსკის ყოფილი პარტნიორია. გურიევის პარტნიორი „ფოსაგროში“ არის სანქტ-პეტერბურგის სამთო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ ლიტვინენკო, რომელსაც პუტინის ყალბი დისერტაციის ავტორად მოიხსენიებენ. ინფორმაციის თანახმად, „ფოსაგრო“ უპრობლემოდ ამარაგებს სასუქითა და სხვა პროდუქციით ნიდერლანდებს, უნგრეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს და რუმინეთს. ლიტვინენკოს ქონება 2022 წლიდან ორჯერ - 3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

The Insider-ის ინფორმაციით, ანალოგიური სქემებით ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები დამყარებული აქვთ რომან აბრამოვიჩს და პუტინის პირად „საფულეს“ გენადი ტიმჩენკოს.