სააკაშვილს წამოსცდა თუ ამხილა ოპოზიციური ძალები არ ვიცი, თუმცა ფაქტია, მან განაცხადა, რომ ხალხის დარაზმვა და მათი თბილისში ჩამოყვანა, შემდეგ კი მათი უშედეგოდ გაშვება იწვევს ფრუსტრაციას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ.
„მე სრულიად ვეთანხმები, მათ წინ და უკან დაგეგმილ სიარულს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, შესაბამისად, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ სწორ მხარეს დგას, მათთვის ეს ფრუსტრაციას იწვევს. მოვუწოდებ, გაიაზრონ ის შეთავაზებები რაც მმართველმა გუნდმა გააჟღერა და მოუწოდონ თავიანთ ლიდერებს, თუ ოპოზიციის წევრებს, რომ დასხდნენ მაგიდასთან პრემიერთან და გამართონ საჯარო დისკუსია“, - აღნიშნა ჩოჩიამ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციას აქციებზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავს.
„შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, - დაწერა ფეისბუკში პატიმარმა სააკაშვილმა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და სტატუსი მალევე შეცვალა. მან განმარტა, რომ მისი სიტყვიერი დანაბარები სოციალურ ქსელში არასწორად გამოაქვეყნეს.
„რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის“, - დაწერა სააკაშვილმა.