ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და ქართველ ხალხს ბოდიშს უხდიდნენ, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები დღეს ქვებს ესვრიან პოლიციელებს, გამოდის ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი ბრიუსელიდან და საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის დაწვა არის თურმე, მშვიდობა, - განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გასული წლის მარტში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საზოგადოებაში ისტერია დაითესა, რის შედეგადაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელს ესროლეს, წელს კი უკვე აქციაზე ხუთმა მონაწილემ ისროლა „ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს“.
„ახლა გამოდიან ბრიუსელის ჩინოვნიკები თუ ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკური პირები და ქართველი პოლიციელის დაწვას ეძახიან პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას. სირცხვილი არ არის, როდესაც ბრიუსელიდან, ვილნიუსიდან, ტალინიდან თუ სხვა დედაქალაქიდან ქართველი პოლიციელის დაწვას ტაშს უკრავენ და ამას პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას ეძახიან?! თან, როდესაც ამ ბოთლებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, მაშხალებსა და ქვებს ესვრიან მათი დაფინანსებული ადამიანები - ადამიანები, ვინც ევროკავშირისა თუ სხვადასხვა ევროპული ფონდის ხელფასზე სხედან, ზუსტად იმ ხალხმა დაუშინა ქვები პოლიციას. ასე, რომ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და ქართველ ხალხს ბოდიშს უხდიდნენ, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები დღეს ქვებს ესვრიან პოლიციელებს, გამოდის ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი ბრიუსელიდან და საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის დაწვა არის თურმე, მშვიდობა. რა სტანდარტში უნდა ჩაჯდეს ეს, არ ვიცი!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.