ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
„ვუსმინე ბატონი ბერსეს პრესკონფერენციას, ვიცი მისი შეხვედრების შესახებ და ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, რა უნდა გააკეთოს ევროპამ ჩვენ მიმართ, როგორ უნდა მოგვექცეს, ჩვენს სუვერენიტეტს როგორ უნდა მოექცეს, რა მიზნები უნდა დასახოს ჩვენთან თანამშრომლობისათვის. ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის რეაქცია, რომელიც ძალიან მწვავე და ძალიან უარყოფითი იყო, ჩემთვის დასტურია იმისა, როგორი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მე იმედი მაქვს, რომ სხვა ევროპული სტრუქტურები მიმართავენ ამ გზას, რადგან იმას, რასაც ჩვენ ევროპისგან ველოდებით და იმას, რაც ჩვენ დემოკრატია გვგონია არის ეს კონსტრუქციული თანამშრომლობა“, - აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.
ფსიქოლოგმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლარიზაცია დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელია.
„ადამიანის უფლებები, რომელზეც დგას დემოკრატია, ითვალისწინებს იმას, რომ ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი და ყველას უნდა ჰქონდეს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, სამწუხაროდ მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია. იმედი მაქვს, რომ ის კრიზისი, რომელიც დღევანდელ ოპოზიციაში მიმდინარეობს იქნება საწინდარი იმისა, რომ საქართველოში აუცილებლად გაჩნდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც იქნება ჩვენი ხელისუფლების ოპოზიცია.
ჩვენ ვხედავთ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში, ძალიან მძიმე დაძაბული სიტუაციაა ოჯახებისა და მეგობრობის დონეზე. არის გახლეჩილობა, მაგრამ ეს გახლეჩილობა არ არის კლასიკური პოლარიზაციის ფონისა, ამას ჰქვია აფექტური პოლარიზაცია. როდესაც მეორე მხარე არის დამარცხებული, ძალიან ემოციურად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და უფლებასაც არ გაძლევს შენ შენი აზრი გამოხატო“, - აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.