ევროსტრუქტურიდან დღეს პირველად ღიად და ხმამაღლა ითქვა, რომ პოლარიზაცია დამღუპველია და დიალოგია საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცესის ლუსტრაციაა, ოპოზიციის მიზანი არ იყო სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, მათი მიზანი იყო ქვეყანაში გადატრიალება, ფერადი რევოლუცია, მაიდანიზაცია მომხდარიყო.
„მათთვის არც ქართველი ხალხის არჩევნები არ წარმოადგენს არაფერს და არც საერთაშორისო მეგობრობის მხრიდან დიალოგისკენ მოწოდება. მათი მიზანია, ქვეყანაში დესტრუქციის, არეულობის და მაიდანის მოწყობა, რაც ჩაუვარდათ. ბუნებრივია, მათთვის დიალოგი აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამ პოლიტიკური ლიდერის განცხადებამ საქართველოში სულ სხვა რეალობის მოყვანა დაიწყო, ევროპა დიალოგისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს და არა იმისკენ, რასაც წლებია ვხედავთ, როცა ხდება დაუმსახურებელი კრიტიკა და ნაბიჯების გადადგმა, ეს იქნება სტატუსის არ მონიჭება თუ მოლაპარაკებების გაუხსნელობა. ხდება ოპოზიციის მუდმივი წახალისება და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა, ასევე ნარატივის გატარება, რომ ხელისუფლება პრორუსია და შანტაჟის დამადასტურებელი ერთი ფაქტიც არ გააჩნიათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, დღეს პირველად, ღიად და ხმამაღლა ითქვა ევროსტრუქტურიდან, რომ პოლარიზაცია დამღუპველია და დიალოგია საჭირო.
„ამ პოლარიზაციით ნაკვებ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, უნარი არ შეწევს, რომ დეპოლარიზაცია უნდოდეს. ოპოზიციას აღიზიანებს სიმართლის გაგონება, მილიონ 120 ათასი ამომრჩეველი და ასევე მათი ამომრჩეველი, რომელიც რევოლუციას მხარს არ უჭერს. ნებისმიერი საღი მოწოდება მათში რეფლექსიას იწვევს. ლეგიტიმაცია არსებობს და ამას ვერავინ უარყოფს. საუბარია გადატრიალების სცენარის ჩავარდნაზე, რომელიც მათში უმძიმეს რეაქციას იწვევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.