ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გავრცელებულია, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტის ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტმა ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადააყენა.
კახა კალაძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად დასრულდება.
„თქვენ არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია. ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც. თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, ამბობ სიმართლეს და არ ექვემდებარები მათ რიტორიკას, არ იმეორებ მათ მესიჯებს, ხარ მტერი. მოიფიქრებენ ათას სისულელეს, ხან რუსეთუმეს გეძახიან, ხან ვითომ „რუსეთის ინტერესებს რატომ ემსახურები“, ხან შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ. აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ნახეთ, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაა. როგორ აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად მათი პროფესიისა. ვისაც აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია, როგორი დამოკიდებულება არის. ფეხბურთელები ავიღოთ, ხელოვნების წარმომადგენლები ავიღოთ. შენ თუ არ ჯდები მათ მესიჯ-ბოქსში, მაშინვე შემოგივარდებიან, დაგაბულინგებენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.