ალენ ბერსესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის აბსოლუტურად ყველა თემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მოხდა მოსაზრებების გაცვლა ყველა საკითხზე, მათ შორის საუბარი იყო კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით.
„გამომდინარე იქიდან, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას, ლოგიკურია, რომ დასაწყისში და ბოლოში გაიმართა ორი შეხვედრა, ჯერ პირველი შეხვედრა და შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა. მეორე შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების შეჯამება, რაზეც ჰქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში ბატონ ბერსეს. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ კონკრეტულ თემებზე იგივე კანონებთან დაკავშირებით და ა.შ. ძალიან პროდუქტიული იყო საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის აბსოლუტურად ყველა თემაზე. კიდევ ერთხელ მადლობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ბატონ ბერსეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ადამიანები კონსტრუქციულად არიან განწყობილი და მომართული არიან თანამშრომლობისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ყველანაირი დისკუსიისთვის.
„ღია ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, ჩვენ არ გავურბივართ არასდროს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მყარი პოზიციები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა ღიაობა და ახლაც შეგვიძლია იგივე დამოკიდებულება გამოვხატოთ. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, დისკუსიებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.