ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება, ყველა დანარჩენი, სამი წელია, აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც ხელის გულზე დევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ.
„ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო, 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს, ამისთვის შეიქმნა სამუშაო პროცესი, წარვადგინეთ 5000-გვერდიანი დოკუმენტაცია, რის მომზადებაშიც ჩართული იყვნენ ჩვენი საჯარო მოსამსახურეები როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან და სხვა სტრუქტურებიდან და ივნისში ჩვენ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე. იმავე პერიოდში NGO-ები დაუპირისპირდნენ ამ პროცესს, ამბობდნენ, რომ არა სახელმწიფო უწყებებს, არამედ NGO-ებს უნდა შეევსოთ განაცხადი. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდა ამ პროცესს. მაშინ ერთ-ერთი NGO-ს წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. პირდაპირ აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები კამპანიას საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ, თუმცა მაინცდამაინც გაღიზიანება არ მახსოვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ძალების მხრიდან. ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ივნისში გვეთქვა უარი, არავითარი განმარტება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადამიანებმა, რომლებიც იბრალებენ პროქართულობას, გადადგეს ყველაზე ანტიქართული ნაბიჯი და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პროცესი წელიწად-ნახევარს გაგრძელდა და ხელისუფლებას წარუდგინეს 12 პუნქტი, რომელზე მუშაობაც მყისიერად დაიწყო, თუმცა ოპოზიციამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„ოპოზიცია და NGO-ები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. აქაც ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოქმედებდა ამ მიზნით, რასაც ჰქვია საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით და პირდაპირ, ღიად და უხეშად, ოპოზიცია თავისი NGO-ებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ამ კამპანიას ჰქონდა მხარდაჭერა მათ მედიასაშუალებების მხრიდან, NGO-ების მხრიდან. NGO-ებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტო ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი და აქაც ზუსტად იგივე. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს არაფერი, არც კანდიდატის სტატუსი, არც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ამას. ვისი კურსია პროევროპული და ვისი არის ანტიევროპული, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ჩვენი ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ. ერთი სიტყვა ვერ დავაცდენინეთ ვერც ოპოზიციას, ვერც NGO-ებს, ვერც სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და მათი შესაბამისი განცხადების გარეშე მაინც მოვიპოვეთ ეს სტატუსი. მოგვიანებით იგივე პროცესი გაგრძელდა. ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება. ყველა დანარჩენი სამი წელია, აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც ხელის გულზე დევს. ისინი ამბობდნენ, რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ უნდა გაიხსნას, ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მოგვენიჭოს, უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის ელემენტარული ლოგიკის და წაკითხულის და მოსმენილის გააზრების საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.