„სამი სრული დღე ვიმყოფებოდი საქართველოში. გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი შევხვედროდი ყველას. ახლა უკვე მხარეებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ ისარგებლებენ ამ შეთავაზებით თუ არა“, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი ალენ ბერსე ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებმაც მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
ალენ ბერსეს თქმით, ევროპის საბჭოს როლია გააკეთოს ყველაფერი, რათა მხარი დაუჭიროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას.
„მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შემხვედროდნენ. ევროპის საბჭოს როლი გახლავთ ის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას. ჩვენ დავინახეთ ბოლო კვირების განმავლობაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვა იყო შეშფოთების საგანი, ამიტომაც ჩამოვედით და ამიტომაც ძალიან მკაფიო პოზიცია მქონდა ამ სამი დღის განმავლობაში. მივიღე მკაფიო დაპირებები, რა მოხდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.
ქართველი ხალხი არის ევროპელი, სრული წევრები ევროპული ოჯახის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს. ამიტომაც მე მზად ვიყავი შევხვედროდი ყველას. მათ ჰკითხეთ რატომ არ შემხვდნენ. ეს არის თავისუფალი გადაწყვეტილება. მე პრობლემა არ მაქვს ამასთან“, - აღნიშნა ალენ ბერსემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე გუშინ უარი განაცხადეს.