ვფიქრობთ, რომ ის პერიოდი, სანამ აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვლება, არ იქნება მარტივი, რადგან მათი მხრიდან ვხედავთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, გამწვავება, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ქართულ საზოგადოებაზე ზეგავლენის მცდელობის მიუხედავად მოსახლეობამ თქვა, რომ ემხრობა მშვიდობის პოლიტიკას, ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალის პოლიტიკას.
„ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ერთგვარად კუდის ბოლო მოქნევა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით ვხედავთ. მართლაც უპრეცედენტოა ის საგარეო ჩარევა, რომელიც ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ. გაკეთდა 200-ზე მეტი განცხადება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაზეც ჩვენ ყოველთვის მივუთითებდით, რომ ეს არის მიზანმიმართული ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და არის ერთგვარი თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტზე. ამით ცდილობდნენ, რომ საზოგადოებაზე გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ წინასაარჩევნო პერიოდში. მიუხედავად ამ ყველაფრისა 1 120 000-მა ამომრჩეველმა ძალიან მყარო პოზიცია დააფიქსირა არჩევნებზე და თქვა, რომ ის ემხრობა მშვიდობის პოლიტიკას, ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალის პოლიტიკას, რომელმაც არა მხოლოდ პოლიტიკური დაპირებებით, არამედ კონკრეტული საქმეებით, მათი შედეგებით დაამტკიცა, რომ არის ხალხზე, ქვეყანაზე ორიენტირებული და რომლის დროსაც ყველაზე მეტად მოხდა ქვეყნის დაახლოება ევროპულ სტრუქტურებთან. ამ ფონზე დღეს გაკეთებული ყველა განცხადება და მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დანაწევრებულია და ერთიანად კი არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო რადიკალიზაციის პროცესები რომ წაახალისონ, ეტაპობრივად ახდენენ რაღაც ინტერვენციებს“,- აღნიშნა მიქანაძემ.
მან ასევე ისაუბრა შს მინისტრის და კიდევ ოთხი პირის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც.
„დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად აბსურდია, რომელიც ეხება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმავლობაში თავისი საქმიანობით დაამტკიცეს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის გარანტი არიან. ისინი თავის თავზე დაკისრებულ მოვალეობებს უმაღლესი სტანდარტით ასრულებენ და რაც მთავარია, დღეს ნებისმიერი მიმართულებით განვითარება რაც გვაქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდა, რომელიც თვალსაჩინოა და რეალურად მართლაც უპრეცედენტოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ზუსტად იმ გარემოს საფუძველია, სადაც ინვესტორი იქნება, დამსაქმებელი, კერძო კომპანია თუ ა.შ, თავს გრძნობს დაცულად, უსაფრთხოდ, ყოველგვარი რეკეტის გარეშე და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალე გარემოში, სახელმწიფოს მხარდაჭერით განახორციელონ თავისი ბიზნესი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის პერიოდი, სანამ მოხდება ადმინისტრაციის შეცვლა აშშ-ში, არ იქნება მარტივი, რადგან მათი მხრიდან ვხედავთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, გამწვავება, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.