პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებებსა და განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, როდესაც რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე იყო საუბარი ბალტიისპირეთი და საქართველო განიხილებოდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო უპირატესობა საქართველოს ჰქონდა.
„თუკი ცეცხლი გაიხსნებოდა საქართველოში, ამ როლიდან გათავისუფლდებოდა ბალტიისპირეთი და თუ ეს საქართველოში ვერ იქნებოდა მიღწეული, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა იქნებოდა ბალტიისპირეთში მეორე ფრონტის გახსნის“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში მაიდანის პროვოცირება ხდებოდა ბალტიისპირეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების წარმომადგენლები თბილისში ტრიბუნიდან მიმართავდნენ ახალგაზრდებს და არეულობისკენ მოუწოდებდნენ მათ, ამით კი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდნენ.
„რეგიონულ ჭრილში კიდევ უფრო რთულადაა ვითარება ვიდრე ეს საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის. გეგმის ნაწილი იყო არა მხოლოდ საქართველოს მეორე ფრონტად წარმოჩინება, არამედ აქ მთავარი მიზანი იყო მომხდარიყო ომის დივერსიფიცირება და სადმე კიდევ დამატებითი ლოკაცია, სისხლის დამცლელი გაეჩინათ რუსეთისთვის. აქ იყო ორი შესაძლო არჩევანი. ერთი იყო საქართველო და მეორე - ბალტიისპირეთი. ვხედავთ, რომ ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკმაოდ აქტიურობდნენ, როდესაც მაიდანის პროვოცირება ხდებოდა თბილისში. ასევე აქტიურობენ დღესაც პოლიტიკურ ველზე და საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირების სანქცირების ინიციატივა მათ აიღეს საკუთარ თავზე. თუ ჩვენ მეტი გვეცოდინება, ალბათ მეტად ობიექტურად დავინახავთ სურათს და აბსოლუტურად სამართლიანად გაგვიჩნდება შიშის განცდაც, არა დაშინებისთვის, არამედ იმისთვის, რა რეალობასთანაც გვაქვს საქმე და ალბათ, უფრო ყურადღებით ვიქნებით. როდესაც ორი ქვეყანა იხილებოდა, როგორც უკვე ვთქვი - საქართველო და ბალტიისპირეთი, რა თქმა უნდა, უპირატესობა ომის დაწყების, მეორე ფრონტის თვალსაზრისით, ჰქონდა საქართველოს იმიტომ, რომ ამიერკავკასიიდან დაწყებული ომი მეტად მძიმე იქნებოდა რუსეთისთვის, ვიდრე ბალტიისპირეთიდან. ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით, კავკასია წარსულითაც გამოცდილია ისტორიულად, ანუ მეტად ბრძოლისუნარიანია, ბალტიისპირეთს კი ასეთი მახასიათებელი არ აქვს. ასევე, საქართველოს მეორე სამწუხარო უპირატესობა ჰქონდა ამ როლისთვის- საქართველოში ომის დაწყების შემთხვევაში, ნატოს არ უჩნდებოდა პირდაპირი ვალდებულება, ბალტიისპირეთში კი უჩნდებოდა. რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთში, ეს ცნობილი იყო პოლიტიკურ წრეებში და მათი მცდელობა იყო საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. თუკი ცეცხლი გაიხსნებოდა საქართველოში, ამ როლიდან გათავისუფლდებოდა ბალტიისპირეთი და თუ ეს საქართველოში ვერ იქნებოდა მიღწეული, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა იქნებოდა ბალტიისპირეთში მეორე ფრონტის გახსნის. როდესაც მაიდანის პროვოცირება ხდებოდა, გახსოვთ ალბათ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ამისთვის წინასწარ იყო მომზადებული. ნაწილი კი გაუთვითცნობიერებელი და მოუმზადებელი ანუ გულწრფელი ახალგაზრდები იყვნენ, ვინც ფიქრობდნენ, რომ ამით იცავდნენ საქართველოს. ამ დროს კი ბალტიისპირეთის სამი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ტრიბუნაზე იდგნენ და აქეზებდნენ ახალგაზრდებს, რამენაირად საქართველოში ცეცხლი რომ ანთებულიყო. სამწუხაროდ ეს ახალგაზრდებიც ტაშს უკრავდნენ ამ პროცესს, ანუ იმ რისკს, რაც შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილიყო მათთვისაც და მთლიანი ქვეყნისთვისაც. საკუთარ უსაფრთხოებას თბილისში იცავდნენ, რადგან აქ მოუწოდებდნენ ხალხს დესტაბილიზაციისკენ. სწორედ ამიტომ აქტიურობს ბალტიისპირეთი და სანქცირების ინიციატივაც აიღეს საკუთარ თავზე, რადგან სწორედ ეს მიზნები აქვთ. ეს ვითარება არ არის მხოლოდ ვიწრო ხედვით, თითქოს ვინმეს მხოლოდ საქართველო აინტერესებს და მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე სურს აურზაურის ნახვა. აქ მიდის ბრძოლა რეგიონული თვალსაზრისით იმიტომ, რომ შუა დერეფნის როლში საქართველო მნიშვნელოვნად გამოკვეთილია და ამის გამო ვართ ეს პატარა ქვეყანა ასეთი მოვლენების ეპიცენტრში,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.