სოზარ სუბარი: საქართველოს იზოლაციაზე ლაპარაკი სრული აბსურდია

სოზარ სუბარი: საქართველოს იზოლაციაზე ლაპარაკი სრული აბსურდია

ოპოზიციის მიერ ნახსენებ საქართველოს იზოლაციაზე ლაპარაკი სრული აბსურდია, რაზეც მოწმობს თუნდაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის რამდენიმე ვიზიტი ბოლო ორ კვირაში. ვიზიტების და ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების გარდა, იყო არაერთი სატელეფონო ზარიც“, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

ზოგჯერ ეს შეხვედრები და სატელეფონო ზარები საკმაოდ კრიტიკულიც იყო. გავიხსენოთ თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო ლაპარაკი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს FCDO- სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუთისთან, სადაც მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა, ასევე, ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გაამახვილეს დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე. შესაბამისად, იზოლაციაზე საუბარი სრული აბსურდია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატი ასევე შეეხო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩატარებულ სხდომას და მათი მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების დაანონსებას. 

რა თქმა უნდა, აბსოლუტური უსამართლობა იქნებოდა, რომ ევროსაბჭოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციები და შეზღუდვები დაეწესებინა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ვერ მოხდებოდა, მაგრამ, ახლა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ სანქციები უნდა დაუწესონ დიპლომატიურ პასპორტებს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ, ეს რომც მოხდეს, არაფერს ნიშნავს და არც არავის აღელვებს. ამის გაკეთება, უბრალოდ, ბრიუსელის ადმინისტრაციის დღევანდელი წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთი უსამართლობა იქნება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.