Foreign Policy: ევროკავშირისთვის მთავარი რისკი ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს არის ის, რომ აშშ-ის ზეწოლა გაზრდის რღვევას მის წევრ ქვეყნებს შორის

Foreign Policy: ევროკავშირისთვის მთავარი რისკი ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს არის ის, რომ აშშ-ის ზეწოლა გაზრდის რღვევას მის წევრ ქვეყნებს შორის

ევროკავშირისთვის მთავარი რისკი ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს არის ის, რომ აშშ-ის ზეწოლა გაზრდის რღვევას მის წევრ ქვეყნებს შორის, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy სტატიაში სათაურით მოხდება თუ არა ევროპის რღვევა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში?

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „არავის აქვს წარმოდგენა, რას გააკეთებს ტრამპი - სავარაუდოდ, თავად ტრამპსაც კი“ და „ტრამპის და მისი გუნდის ყოველი გამონათქვამის გულდასმით შესწავლის ნაცვლად, ევროპულმა მთავრობებმა უნდა შეაფასონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები“.

„სურათი კარგი არ არის. ევროკავშირისთვის მთავარი რისკი ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს არის ის, რომ აშშ-ის ზეწოლა - და კითხვა, თუ როგორ უნდა უპასუხოს მას - გაზრდის რღვევას მის წევრ ქვეყნებს შორის. ეს ანალიზი ეხება სამ ყველაზე აქტუალურ ეკონომიკურ თემას: აშშ-ის სავაჭრო ტარიფები, ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. თუ ევროპელები ვერ მოახერხებენ გაერთიანებას, მათ მოუწევთ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დარტყმის შემსუბუქება, რაც დიდად გაახარებს პეკინსა და მოსკოვს“, - ნათქვამია სტატიაში.

სავაჭრო ტარიფები ტრამპთან დაკავშირებული პრობლემების სიაში ლიდერობს. აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ახსენა ევროპიდან იმპორტზე 10%-დან 20%-მდე ტარიფების დაწესების გეგმები, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე მწირია.

„ტარიფების შემოღების მუქარამ ევროპაში განგაში გამოიწვია, სხვადასხვა წევრი ქვეყანა თეზისებს ამუშავებს, თუ რატომ არის საკმარისად განსაკუთრებული, რომ ტარიფებისგან გათავისუფლდეს. გერმანია, ირლანდია და იტალია ყველაზე მეტად დაზარალდებიან, თუ ტრამპი შეასრულებს თავის სატარიფო მუქარას. ეს სამი ეკონომიკა განსაკუთრებით დამოკიდებულია აშშ-ის ბაზარზე. და ამ სამ ქვეყანას ასევე აქვს სავაჭრო ბალანსის აქტიური სალდო შეერთებულ შტატებთან, რაც მათ მთავარ სამიზნეებად აქცევს აშშ-ის ადმინისტრაციისთვის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ არსებობს ევროკავშირის რღვევის მაღალი რისკი აშშ-ევროკავშირის პოტენციური სავაჭრო ომის საპასუხოდ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი აირჩევს სხვადასხვა ტარიფს 27 წევრი სახელმწიფოსთვის.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა ასევე გაართულებს ევროკავშირისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს.

„თუ ჩინური ფირმები დაწევენ ფასებს, რათა მეტი პროდუქცია გაიტანონ ევროპაში, უფრო იაფი ჩინური იმპორტი შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს ევროკავშირის მომხმარებლებისთვის, რაც კიდევ უფრო გაართულებს ევროპული ფირმებისთვის რისკის შემცირების ძალისხმევას. ეს სიტუაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილებას გამოიწვევს ჩინეთთან ურთიერთობებისადმი მიდგომის შესახებ. ტრამპი შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს, თუ აიძულებს ევროკავშირის ფირმებს გააკეთონ არჩევანი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რღვევა ასევე შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ ზომებს.

„კრემლთან შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში ტრამპს შეუძლია შესთავაზოს მოსკოვზე დაწესებული აშშ-ის ზოგიერთი ან თუნდაც ყველა სანქციების მოხსნა. ზოგიერთი ამ ზომის გაუქმება მცირე გავლენას მოახდენს. თუმცა, აშშ-ის და ევროკავშირის ერთობლივი სანქციებიდან აშშ-ის გამოსვლას უფრო დიდი შედეგები მოჰყვება. ასეთი სცენარი ევროპელებს აიძულებს უპასუხონ ორ კითხვას. პირველი, განაგრძობს თუ არა ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას? მეორე, იქნება თუ არა ევროკავშირის სანქციებს ძლიერი ეფექტი, თუ ვაშინგტონი არ იქნება მათ შორის? თუ ტრამპი მოსკოვს სანქციებს მოუხსნის, ძნელი წარმოსადგენია, რომ ევროკავშირი შეძლებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთსულოვნად განახლებას, როგორც ამას კანონი მოითხოვს“, - დასძინა სტატიის ავტორმა.