სოზარ სუბარი „ქართულ გაზაფხულზე“: ამაზე როდესაც აკეთებს რეფერირებას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ეს არის სამარცხვინო. ვერანაირი მტერი ამაზე მეტ დიდ უბედურებას ჩვენს ქვეყანას ვერ უსურვებს

სოზარ სუბარი „ქართულ გაზაფხულზე“: ამაზე როდესაც აკეთებს რეფერირებას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ეს არის სამარცხვინო. ვერანაირი მტერი ამაზე მეტ დიდ უბედურებას ჩვენს ქვეყანას ვერ უსურვებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამ ფრაზას - „ქართული გაზაფხული“ გამოეხმაურა.

მან პარალელი გაავლო „არაბულ გაზაფხულთან“.

„კარგად გვახსოვს, რა იყო „არაბული გაზაფხული“ და რა მოიტანა ამ „არაბულმა გაზაფხულმა“. მე მაშინ ვიყავი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი და წელიწადში რამდენჯერმე ვიკრიბებოდით ჟენევაში, მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში დავდიოდით. ჟენევაში ვიბარებდით ანგარიშებს, რას აკეთებდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. მახსოვს, როდესაც ეს „არაბული გაზაფხული“ დაიწყო, როგორ აღტაცებით საუბრობდნენ კომისრის ოფისის თანამშრომლები, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნებიდან წამოსული ხალხი, რომ დადგა დღე, დემოკრატიამ შეაღწია არაბულ სამყაროში და რომ აყვავების ხანა იწყება. შემდეგ შეხვედრებზე კი როგორ წაშლილი სახით საუბრობდნენ იმ საშინელ ტრაგედიებზე, რაც იქ ტრიალებდა და ამ ტრაგედიებიდან ეს ქვეყნები დღემდე ვერ გამოვიდნენ“, - განაცხადა სუბარმა.

მან ისაუბრა ლიბიასა და სირიაზე და იქ ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

„ის ადამიანები, რომლებმაც ახლა სირიაში გაიმარჯვეს, ტერორისტებად არიან ცნობილი პრაქტიკულად, ყველა წამყვანი სახელმწიფოს მიერ. ვხედავთ, რასაც აკეთებენ.

ამაზე როდესაც აკეთებს რეფერირებას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ეს არის სამარცხვინო. ვერანაირი მტერი ამაზე მეტ დიდ უბედურებას ჩვენს ქვეყანას ვერ უსურვებს, რაც ამ ადამიანმა ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ადამიანებში ჩადო“, - აღნიშნა სუბარმა.