საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ დამატებითი სანქციებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო, რაც ახლა არ არის.
„დღეს განვიხილეთ [საქართველოში] დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიური დისკუსია შედგა. ბევრმა თქვა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები. სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, ახლა არ გვაქვს. ვფიქრობ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურია“, - აღნიშნა კაია კალასმა.
მან ასევე გააკეთა კომენტარი უნგრეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეს პირველი ვეტოა ჩემთვის უნგრეთის მხრიდან, თუმცა გარწმუნებთ, რომ ბოლო არ არის“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე, დამოუკიდებელ მედიაზე“, - დასძინა კაია კალასმა.