აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება დასავლეთის ერთგული პარტნიორი, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.
მახაშვილის თქმით, საქართველო დასავლეთთან პარტნიორობას არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც ადასტურებს.
„ეს ანგარიში არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისი, რასაც უკვე რამდენიმე წელია, ვამბობთ. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ვადასტურებთ, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება დასავლეთის ერთგული პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. ეს გამოიხატა სხვადასხვა ტიპის ანგარიშებში. რა თქმა უნდა, საქართველო იყო, არის და დარჩება დასავლეთის პარტნიორი, ზოგადად, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.
ანგარიშში ბევრი საკითხია მიმოხილული, რომელიც არა მხოლოდ, ზოგადად, ტერორიზმთან ბრძოლას ეხება, არამედ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, კანონის უზენაესობის საკითხებს. ყველა მიმართულებით საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. სხვათა შორის, ეს ანგარიში არის ძალიან კარგი გამოძახილი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის, რომელიც ასევე საუბრობს საზღვრის მართვის საკითხებზე, არალეგალურ მიგრაციაზე, მიგრანტებთან დაკავშირებულ დანაშაულზე და სხვა.
აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს აშშ-ის ანგარიშს, ევროკავშირისა და ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის დებულებებსაც. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ოპონენტების მხრიდან ცარიელ პოლიტიკურ განცხადებებს როდესაც ვისმენთ, მეორე მხრივ, არის კონკრეტული მიმართულებები უსაფრთხოების, მშვიდობის, ეკონომიკის განვითარების მხრივ, სადაც მნიშვნელოვან საკითხებში საქართველო საქმეზე ორიენტირებულად, მშვიდად, წყნარად თანამშრომლობს ამერიკის თუ ევროკავშირის ქვეყნებთან იმ საერთო ინტერესებისთვის, რაც არის მშვიდობა, უსაფრთხოება ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.