შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბრამდე ქალბატონი სალომე ინარჩუნებს პრეზიდენტის პოზიციას, 29 დეკემბრიდან საქართველოს ეყოლება პატრიოტი ხელისუფალი

შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბრამდე ქალბატონი სალომე ინარჩუნებს პრეზიდენტის პოზიციას, 29 დეკემბრიდან საქართველოს ეყოლება პატრიოტი ხელისუფალი

პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაზიანდა ბოლო პრეზიდენტების მხრიდან, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომემ ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, რომ შეიძლება მართლა წლები დასჭირდეს, რათა ეს ზიანი გამოსწორდეს, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მიხელ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ქართველმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს ნახოს რას ნიშნავს ნამდვილი პრეზიდენტი.

„29 დეკემბრამდე ქალბატონი სალომე ინარჩუნებს ამ პოზიციას, 29 დეკემბრიდან საქართველოს ეყოლება პატრიოტი ხელისუფალი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მიხეილ ყაველაშვილის განსაკუთრებულ როლს როგორც ამ პოზიციაზე. პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაზიანდა ბოლო პრეზიდენტების მხრიდან. განსაკუთრებით ქალბატონმა სალომემ ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, რომ შეიძლება მართლა წლები დასჭირდეს, რათა ეს ზიანი გამოსწორდეს. მან შემოიღო პრეცედენტი, რომ თუ გაურიგდები რადიკალ ჯგუფებს პარლამენტში და შეძლებ იმას, რომ, ასე ვთქვათ, პარლამენტის 50-ზე მეტ წევრთან იყო გარიგებული, შეგიძლია აკეთო ყველაფერი. დაარღვიო კონსტიტუცია, ჩაიდინო დანაშაული, მათ შორის, ვინაიდან, აქაც იმუნიტეტი აქვს პრეზიდენტს ხომ? ანუ, აბსოლუტურად გადაახიო თავზე კონსტიტუცია შენს მოსახლეობას. ყველაფერი ჩაიდინო იმიტომ, რომ ზურგი გექნება გამაგრებული რადიკალების მხრიდან და ეს პრეცედენტი რომ მივიწყებას მიეცეს და დაირღვეს, ამას წლები დასჭირდება.

წლები დასჭირდება იმ ავტორიტეტის აღდგენას, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს. მიხეილ ყაველაშვილი ამ როლისთვის არის გამორჩეულად კარგი კანდიდატი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს ნახოს რას ნიშნავს ნამდვილი პრეზიდენტი, ნამდვილი პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, პრეზიდენტი, რომელსაც ერთი მხრივ არ აქვს სახელისუფლებო ბერკეტები და ეს არის ზუსტად საპარლამენტო რესპუბლიკის მახასიათებელი. პრეზიდენტი, მართალია არის სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ის არ მართავს სახელმწიფოს. ეს უნდა დაგვანახოს ჩვენ მიხეილ ყაველაშვილმა და ასეთი პრეზიდენტი უნდა დავინახოთ ჩვენ, რომელიც მართავს არა თავისი სახელისუფლებო ბერკეტებით, არამედ, ის არის თავისი ავტორიტეტით მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.