ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების გულისხმობს.
მისი თქმით, ორივე ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვისი კარნახით და თვალშისაცემია მათი ქართველი ხალხის მიმართ თავდასხმა.
„ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემი არის მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, რაც სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ლიეტუველ და ესტონელ ხალხთან გვაქვს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მათ შორის საერთო ისტორიული წარსულითაც არის განპირობებული და ამიტომ გულსატკენია, რომ ხელისუფლებები ამ შემთხვევაში საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმიან ქართველ ხალხს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლება ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში. შალვა პაპუაშვილის თქმით, სანქციებიც არის ამ დღის წესრიგის გაგრძელება.
„ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ მდაბიო პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ეკადრება ჩვენს ურთიერთობას. იმავეს ვხედავდით ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. სხვათა შორის ეს სია, რომელიც გამოაქვეყნეს, იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა. აქაც ჩანს საერთო ჯამში ის საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს. ჩვენ ამ ურთიერთობაში ვართ დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რომელიც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმის ქართველ ხალხს. ჩვენ ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს უკრაინელ ხალხთან. ამ პროცესების შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ იკადრა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ უკრაინელ ბავშვებსაც ვიღებდით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით. არც ჰუმანიტარული დახმარება შეგვიჩერებია, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინელი ხალხის დახმარება შეგვიჩერებია. ვინაიდან ხელისუფლებები იცვლება, შეიცვლება უკრაინაშიც, შეიცვლება ლიეტუვაშიც და ესტონეთშიც და საბოლოო ჯამში მიხვდება ყველა ეს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხების საერთო ინტერესებით მოქმედებდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რატომღაც ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებებს შემორჩენილი აქვთ საბჭოთა მენტალიტეტი და ე.წ. „დიდი ძმის “ პოზიციიდან ესაუბრებიან საქართველოს. მისი განცხადებით, მათი ეს ქედმაღლობა ნატო-ს ქოლგის ქვეშ ყოფნით არის განპირობებული.
“სადაც საომარი იყო, ავღანეთში, სადაც მათი ომი იყო ნატო-ს წევრების, ლიეტუვის და ესტონეთის, იქ მათ ჰყავდათ 30-30 კაცი, 1000 კაცი გვყავდა ჩვენ. სადაც საომარი იყო მათი ომი ჩვენ ვიომეთ და ახლა როდესაც ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, რომ ქართველ ხალხზე თავდასხმით გვაჩვენონ მათი განსაკუთრებული შესაძლებლობები, ეს უბრალოდ არასერიოზულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.