სიმართლის აღიარება უნდა შეგვეძლოს ყველას. მე როდესაც ვსაუბრობ საზოგადოების გაერთიანებაზე, თუ ჩვენ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ და მოვლენებს ერთნაირად არ შევაფასებთ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ერთმანეთთან საუბარი ქართველებს, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს მოსწონდეს ნაცემი ადამიანი, ან ის პროცესები, რომელსაც მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. ერთ მხარეს იყო დაზარალებული პოლიციელი, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის შემდეგ ცეცხლწაკიდებული და მეორე მხარეს ეს ჩვენი ახალგაზრდები ასეთ მდგომარეობაში. ამ სიტუაციაში ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება - ერთი მიმართულებით ვსაუბრობდეთ, რომ დაზარალდა ახალგაზრდა და არ ვსაუბრობდეთ ჩვენს პოლიციელზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს იცავს.
ჩვენ უნდა გავბედოთ, თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ და გავერთიანდეთ და თუ ჩვენ ორივეს გვიყვარს სამშობლო, ერთმანეთს ვეჯიბრებით პატრიოტიზმსა და ამ ქვეყნის ინტერესების დაცვაში, მაშინ შეფასებაშიც ერთნაირები უნდა ვიყოთ. არ უნდა იყოს მიკერძოება.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეს პოლიტიკოსების რადიკალური ფრთა, რომელიც გარედან არის მართული, ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ პროცესების რადიკალიზაციისთვის და გადატრიალებაზე აქცენტის გაკეთებისთვის. ჩვენ რასაც ვსაუბრობდით, ეს განხორციელდა ჩვენდა სამწუხაროდ.
რა თქმა უნდა, ესეც გათვლილი თემა იყო, რომ ამ შეხლა-შემოხლას უნდა მოჰყოლოდა საზოგადოების გაბრაზება და ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოსწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ. ასევე, მინდა სოლიდარული იყოს იგივე ადამიანი იმ დაშავებული პოლიციელის მიმართ. კითხვა იბადება, არის თუ არა ჩვენი პოლიცია მოძალადე, აქ მარტივად არის შესაფასებელი, მე მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ უფრო მკაფიო ვიყო და პირიქით მადლობა გადავუხადო, რა პირობებში უწევს ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს პროცესების მართვა.
ვერ დამისახელებს ვერც ერთი ადამიანი, რომ სადაც მშვიდობიანი აქცია იყო, პოლიციამ ის ძალით დაშალა, ან რაიმე ძალადობის აქტს ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან. არა მარტო ამ აქციებზე, არამედ რაც კი აქციები ჩატარებულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს.
აქ შეიძლება პარალელის გავლება, თუ არსებობს დაზარალებული პოლიციელი წინა ხელისუფლების დროს. ძალიან ბევრი აქცია და მიტინგი ჩატარდა იმ პერიოდში, გამოსვლები იყო, მაგრამ მაშინდელი აქტორები, ვინც მიტინგებს ატარებდა და ხალხი ვინც გამოდიოდა, თავისად აღიქვამდა ქალაქს, შენობებს და არც ერთი ძალადობრივი აქტი არ განხორციელებულა, მუდმივად იყო სალაპარაკო, რომ ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა არც ერთხელ.
ეს განსხვავებულობა გარედან არის შემოტანილი და ის ადამიანები სპეციალურად არიან აღგზნებული, რომ ეს გამოიწვიონ, გააბრაზონ საზოგადოება, რომ ამ ძალადობის საპასუხოდ ეს ქმედებები განახორციელოს პოლიციამ და ეს დაიხვიონ ხელზე.
ამ დღეებში არაერთხელ იყო მაგალითი მოყვანილი, თუ როგორ იშლება ძალადობრივი მიტინგები ჩვენთვის მისაბაძ ქვეყნებში. ჩვენი პოლიცია სწორედ იმ სტრუქტურების მიერ არის მომზადებული, მაგრამ ჩვენი პოლიცია და ხელისუფლება ითვალისწინებს არსებულ გარემოს, არსებული ადამიანების ხასიათს და იმის საპასუხოდ რაც უნდა განახორციელოს, ნამდვილად არ ახორციელებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.