„ყაველაშვილი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რომლიდანაც წინა პრეზიდენტის დროს ასე სამარცხვინოდ იყო გასული,” - განაცხადა პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევაზე გააკეთა კომენტარი.
ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილისათვის პირად ინტერესებზე უფრო მაღლა სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესები იდგა, რაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი პოლიტიკური განცხადებებით და ქმედებებით.
„ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც არის ქვეყნის ერთგული, პატრიოტი და ღირსეული ადამიანი. მან გასული წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მის პირად ინტერესებზე უფრო მაღლა სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესები დგას. ის იყო ადამიანი, რომელიც დაუღალავად იბრძოდა სამშობლოსათვის, როგორც სისხლიანი რეჟიმის დროს, ასევე 2012 წლის შემდეგ.
გახსოვთ ალბათ, რომ ის არის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც არ შეუშინდა არც გარე აქტორების და არ შინაური მტრების ზეწოლას და პირველი დადგა სიმართლის მხარეს და ხალხს ამცნო ფაქტები, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ რეალური ინფორმაციით შეიარაღებულმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნისათვის ხიფათის აცილება შეძლო.
ყაველაშვილი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რომლიდანაც წინა პრეზიდენტის დროს ასე სამარცხვინოდ იყო გასული. ეს არის პრეზიდენტი, რომლისთვისაც მთავარია ქვეყნის ღირსება, ჩვენი ეროვნული იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა, მომავალი, ღირსეული სვლა დასავლეთის, ცივილიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისაკენ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.