"ზურგში ნასროლი ტყვია უკრაინისთვის": სანქციების მიუხედავად, სნაიპერული შაშხანები და საბრძოლო მასალა რუსეთს ევროკავშირიდან და აშშ-დან მიეწოდება" - THE INSIDER

მიუხედავად მრავალწლიანი ვრცელი საერთაშორისო სანქციებისა, რუსი სნაიპერები დასავლური წარმოების ათასობით შაშხანას და მილიონობით საბრძოლო მასალას კვლავ იღებენ.

საკითხზე კვლევას გამოცემა THE INSIDER-ი აქვეყნებს.

Insider-მა შეძლო სრულად გაეშიფრა მიწოდების მარშრუტები და გამოეაშკარავებინა კავშირი რამდენიმე დასავლურ კომპანიასა და იარაღის რუსულ იმპორტიორებს შორის. 2024 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ანგარსკის საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა შორ მანძილზე სნაიპერული სროლის შეჯიბრებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმმა სამართალდამცავებთან და სამოქალაქო მსროლელებთან ერთად 1600 და 3200 მეტრის მანძილზე მდებარე სამიზნეებს ესროლეს.

კონკურსის ჩანაწერებმა გამოავლინა რეალობა, რომ რუს სნაიპერებს ჯერ კიდევ აქვთ წვდომა დასავლურ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე - რუსეთის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს დაწყებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი. რუს მსროლელებს შორის, 1600 მეტრ მანძილზე სროლის დროს ყველაზე პოპულარული შაშხანები იყო აშშ-ის წარმოების Desert Tech SRS (7 მონაწილე 36-დან), დიდი ბრიტანეთის წარმოების Accuracy International AXSR (7 მონაწილე 36-დან) და ავსტრიული Steyr Mannlicher SSG-ი (7 მონაწილე 36-დან).

Insider-ის განმარტებით, შეჯიბრების დროს მხოლოდ შვიდი მსროლელი იყენებდა რუსული წარმოების შაშხანას და მხოლოდ ოთხი ანიჭებდა უპირატესობას რუსული წარმოების საბრძოლო მასალას. 3200 მეტრის მანძილზე სროლისნდროს, ყველაზე პოპულარული შაშხანები კვლავ Desert Tech SRS-ი (28 მონაწილედან , რუსული ORSIS (6 მონაწილე 28-დან) და Accuracy International AXSR (6 მონაწიკე 28-დან) იყო.

28 მონაწილიდან, რომლებიც უფრო დიდ დისტანციებზე ასპარეზობდნენ, 24-მა მათგანმა რუსულ ვაზნებს ამერიკული Hornady-ის და Berger-ის ვაზნები ამჯობინეს. სააგენტოს ცნობით, ტურნირის მონაწილეებს შორის პროტერორისტული ბლოგერი ალექსანდრე არუთინოვიც იყი, რომელიც ცნობილია "რაზვედოსი-ის" სახელით. მისი Telegram არხის შეტყობინებების თანახმად, ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, აშკარად, უპირატესობას ანიჭებს ამერიკული წარმოების იარაღს. 2023 წლის სექტემბერში, მან ამერიკული Barrett M107A1-ის სნაიპერული შაშხანა გამოსცადა და აღნიშნა, რომ იარაღის "საუკეთესო ანტიმატერიული შაშხანაა მსოფლიოში".

Insider-მა ერთი ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც არუთინოვს თანამედროვე ამერიკული იარაღით ამარაგებდა: ეს არის სერგეი ალექსანდროვიჩ კირიჩენკო, მოსკოვის მკვიდრი, დაბადებული 1982 წელს. Telegram-ზე მის პოსტებს შორის არის ოთხი ფოტო გადაღებული იმავე ყირიმის საწვრთნელი პოლიგონიდან, მათ შორის, ერთი არუთინოვთან ერთად. კირიჩენკო პროფესიონალურად არის დაკავებული სნაიპერული სროლით, სულ მცირე 2018 წლიდან და მილიონობით რუბლს ხარჯავს ამ გატაცებაზე. სპორტული სნაიპინგის ცენტრში მისი პროფილის მიხედვით, მან ექვსი წლის განმავლობაში ოთხი სნაიპერული შაშხანა გამოიცვალა: ჯერ ფინური Tikka T3 ჰქონდა, შემდეგ რუსული ORSIS-ი, შემდეგ ავსტრიული Mannlicher-ი და ახლა ამერიკული Proof Research შაშხანას იყენებს, რონელიც შექმნილი და დამზადებულია აშშ-ში, მონტანაში.

გასული წლის განმავლობაში, კირიჩენკომ Telegram-ზე სამხედრო და იარაღის არხებზე გამოაქვეყნა ათზე მეტი რეკლამა ამერიკული წარმოების შაშხანების გასაყიდად. რეკლამაში აღნიშნული იყო, რომ იარაღი მარაგში იყო და მარაგიც პერიოდულად ივსებოდა.

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ვაჭრობის მოგება კოლუმბიელი ნარკობარონების მოგებას უტოლდება. მათი განმარტებით, Proof Research MDT შაშხანა, რომელიც 6,5 მილიმეტრიანი Creedmoor-ის ვაზნებს ისვრის შეერთებულ შტატებში 2,900-დან $3,200 დოლარამდე ღირს, კირიჩენკო კი ამ მოდელის შაშხანებს მოსკოვში 17,000 დოლარად ყიდის. ევროკავშირმა რუსეთს იარაღზე ემბარგო 2014 წელს, მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვმა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. თუმცა, შეზღუდვები ორ უზარმაზარ ხარვეზს შეიცავდა, რომელიც ვაჭრობისთვის გარკვეულ გამოსავალს წარმოადგენდა. 1. ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის რეგულაცია No833/2014, რომელიც იარაღის რუსეთში ექსპორტს კრძალავდა, ახალი მიწოდება 2014 წლის 1 აგვისტომდე დადებული ხელშეკრულებებით ნებადართული იყო. 2. დოკუმენტი არ შეიცავდა ზომებს ექსპორტის გასაკონტროლებლად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში, როგორიც არის სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებსაც საერთო საბაჟო სივრცე და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი (CSTO) აქვთ რუსეთთან.

ზემოაღნიშნული ამერიკული Proof Research-ის შაშხანების რუსეთში შეტანის ნებართვა გაიცა არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ყირგიზეთზეც. იმპორტის დოკუმენტაცია - სერტიფიკატები ან შესაბამისობის დეკლარაციები, რომელიც გაცემულია EAEU-ის ერთ ქვეყანაში, მოქმედებს მის ყველა წევრ ქვეყანაზე, რაც წარმოუდგენლად მარტივს ხდის პროდუქციის რუსეთში გადატანას მესამე ქვეყნის მეშვეობით, რომელიც სარგებლობს შესაბამისი პრივილეგიებით.