ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები მომდევნო დღეების განმავლობაში აინთება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
როგორც მან აღნიშნა, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ცერემონია მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო დროებით გადაიდო.
„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო, რადგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა ამისა, ვიხილეთ მძიმე ნივთების, ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით, რაც ძალიან ცუდია. იყო აგრესიული ადამიანების ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, განურჩევლად იმისა, თუ ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩვენთვის ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მისი სიცოცხლე ძვირფასია. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაგვედო, გამომდინარეობდა ზუსტად იმ უსაფრთხოებიდან, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. მომდევნო დღეების განმავლობაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და მას ჩვენი შვილები, პატარები ელოდებიან? ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის. შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება და საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ სახალხო ზეიმზე მისვლა და დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, თქვენი სპეკულაციები, რასაც აკეთებთ ხოლმე. რა მოყვანაზეა საუბარი? ჩვენ არ დაგვიყვია ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით. პირდაპირ გამოვედი და მოვუწოდე ყველას, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ავანთოთ ნაძვის ხე-მეთქი. რატომ ყოფთ ამ ადამიანებს? რა თქმა უნდა, პედაგოგსაც შეუძლია მოსვლა, საჯარო მოხელესაც და განაწყენებულ ადამიანსაც. ეს ხომ სახალხო ზეიმი და დღესასწაულია? ღონისძიებაზე ბავშვებიც იყვნენ. ბევრმა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა იქ - შეურაცხყოფები, ბოთლების სროლა, თავი შეიკავა მოსვლისგან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომ ხალხი არ დაგვეპირისპირებინა ერთმანეთისთვის და იქ უბედურება არ მომხდარიყო. იგეგმებოდა კონკრეტული პროვოკაციები, ინფორმაცია შემოვიდა და მაშინვე მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება. მომდევნო დღეების განმავლობაში გავანათებთ ნაძვის ხესაც, ქალაქსაც და შევქმნით საზეიმო განწყობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე აქვე გამოეხმაურა გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ კრიტიკა ზუსტად იმ ადამიანებისგან ისმის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეებს აუბედურებდნენ.
„ზოგადად, ვინც რაიმეს აპროტესტებს ქვეყანაში, უნდა დავყოთ ორ ნაწილად: ერთია რადიკალების დაჯგუფება და კარგად ვიცით, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ - ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, მათი მდიდარი NGO ორგანიზაციები, ის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. მე ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობ. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგალითად, 26 მაისის ღონისძიება რომ ჩაეტარებინათ, გვახსოვს როგორ იმოქმედეს, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხი დახოცეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დახოცეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შემდეგ კი, გარდაცვლილი ადამიანები „შემოალაგეს“ ჯიხურების თავზე და ხალხს უმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა მოხდა და მათ დენმა დაარტყა. იმის გამო, რომ სააკაშვილს იქ ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ დაჯგუფებებს, რადიკალებს არც ევროპასთან, არც ადამიანის და არც ქვეყნის სიყვარულთან. ისინი უსამშობლო რადიკალები არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.