დავით მათიკაშვილი: მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო, ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების და იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც ცდილობს, ვანდალიზმით დაამახსოვროს თავი საზოგადოებას

დავით მათიკაშვილი: მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო, ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების და იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც ცდილობს, ვანდალიზმით დაამახსოვროს თავი საზოგადოებას

როგორი ირონიული წიაღსვლაა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის კარგად დამახსოვრებადი ფაქტებია, როდესაც 2012 წლის 26 მაისს კარგად გვახსოვს, რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხელისუფლების მიმართ, როგორ დახოცეს პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანები იმისთვის, რომ მეორე დღეს აღლუმი ჩაეტარებინათ. ფაქტობრივად, სისხლში გაიარა მაშინდელი ხელისუფლების მცდელობამ, ხალხის პროტესტი ჩაეხშო,  -  ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, რუსთაველის გამზირზე, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაზე რადიკალების რეაქციას.

მისი განცხადებით,  ხელისუფლებამ გუშინ აიცილა პროვოკაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა და ამით გაუფრთხილდა ბავშვების და თავად იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინც აქციაზე ვანდალიზმით ცდილობს საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოება მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და საახალწლო განწყობა კიდევ უფრო ამაღლდება.

„ჩვენ, საპირისპიროდ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც, სწორედ რომ ადამიანზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ის პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან აქვს „ქართულ ოცნებას“, კვლავ ცხადად დასანახი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც პროვოკაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა რუსთაველზე გუშინ და ცდილობდა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ კონფლიქტური, პროვოკაციული სიტუაციით მძიმე შედეგები დაეყენებინა, ეს თავიდან იქნა არიდებული იმით, რომ რეალურად, მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამით ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეგნებით თუ შეუგნებლად ცდილობს, ვანდალიზმით დაამახსოვროს თავი საზოგადოებას და ტყუილი მიზნების ძიებაში ფაქტობრივად იკარგება ის მოცემულობა, რასაც ჰქვია ახალი წელი და შობა, მაგრამ ეს ასე არ მოხდება - საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და ის საახალწლო საზეიმო განწყობა, რომელიც არის საზოგადოებაში, კიდევ უფრო გაღრმავდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტით.“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.