საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ვიდეო-მიმართვას ეხმაურება.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილთან ემანუელ მაკრონის პოზიტიური საუბარი შედგა, რადიკალებმა ვერ მოახერხეს ეს კომუნიკაცია სათავისოთ შემოებრუნებინათ. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ემანუელ მაკრონის მიმართვაც, ერთგვარი დახმარების მცდელობა იყო ოპოზიციისთვის.
„ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის. ამ ყველაფრის შემდგომ, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან თავის მართლების მთელი კასკადი. როგორ ცდილობდა ოპოზიცია ეს კომუნიკაცია სათავისოდ შეებრუნებინა. როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა, ეს მათ ვერ შეძლეს ფიზიკურად და დამატებით დახმარების მცდელობა კვლავ მოვისმინეთ ჩვენ ელისეს სასახლისგან. თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, მოცემულობა აბსოლუტურად სხვა არის. ეს ძალიან კარგად იცის საფრანგეთის პრეზიდენტმაც, ჩვენც ძალიან კარგად ვხვდებით იმას, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან პოლიტიკური მდგენელი მსოფლიოში რადიკალურად იცვლება. შესაბამისად, რასაც მოასწრებენ, რაღაც მსგავსი მიდგომა არსებობს სამწუხაროდ. რომ ამ პერიოდამდე რასაც მოასწრებენ რადიკალები და დახმარებით ვინმესგან რგოლს მიიღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, ფიქრობენ, რომ შეძლებენ კონკრეტული მათთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმას. თუმცა აქაც ძალიან ტყუიან და ეს ფიასკო ნათელია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.