რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აუკრძალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ტურების გაყიდვა აფხაზეთში იქამდე იქნება აკრძალული, ვიდრე რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული.
„ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რასაც მათი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, აფხაზეთის ბიზნესთან „აღმზრდელობითი სამუშაო“ ჩატარდება, ისინი რუსეთიდან ტურისტულ ნაკადს დაკარგავენ, რაც აფხაზეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა“. - განუცხადა Gazeta.ru-ს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა.
მურადიანის თქმით, ეს აკრძალვა იმ მომენტიდან მოქმედებს, როდესაც აფხაზეთის პროტესტები დაიწყო და 2024 წელს „მისი გაუქმება მოსალოდნელი არ არის“. ამასთანავე, თუ ტურისტი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი ინიციატივით წავა, ამას ვერავინ აკრძალავს.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის სასახლეებში შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადააყენეს. თავად ბჟანიამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი წლის 15 თებერვალს ჩატარდება.