12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
„გამოწვევები ნამდვილად ძალიან მსგავსი გვაქვს ჩვენ და აზერბაიჯანს. მე ვუსმენდი ყურადღებით პრეზიდენტ ალიევის გამოსვლას COP-ზე. ის საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არის აზერბაიჯანი და პრაქტიკულად, იდენტურია, ძალიან მსგავსია გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ ჩვენ, საქართველო. თუმცა გამოცდილება დაუგროვდა ჩვენს გუნდს მთელი ამ წლების განმავლობაში. უკვე 12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ეს არის რა თქმა უნდა, იმის დამსახურება, რომ გუნდი არის გამოცდილი, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და მაქსიმალურად ვიზრუნებთ მომავალშიც იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს", - განაცხადა პრემიერმა.