მოვისმინეთ ამ ადამიანების დღის წესრიგი, რას აპირებენ საქართველოში. რეალურად თუ სურთ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, ძალიან კარგად იციან, შეხვედრები სად უნდა ჩაატარონ. პარლამენტი ღიაა მათთვის, თუ სურვილი აქვთ, მობრძანდნენ და ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა რამდენიმე ევროპარლამენტარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მახაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ ეს ადამიანები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ესკალაციას.
„ყოველ შემთხვევაში, გეგმა, რაც აქვთ და ვისაც ხვდებიან, ასევე განცხადებები, რაც გააკეთეს, სამწუხაროდ, არ გვაძლევს იმედს, რომ ეს ადამიანები ჩამოსული არიან, რათა ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს შეუწყონ ხელი. საქართველოსთან დაკავშირებით კარგი და მეგობრული განზრახვები თუ აქვთ, პარლამენტი ღია იყო და იქნება მათთან შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.