ძალადობაზე, სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და დაკავებულები სასწრაფოდ გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობა ყოვლად მიუღებელია.
„9 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნეთ ადამიანის უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე. მე შევხვდი უფლებადამცველთა ჯგუფს საქართველოში. მათ მითხრეს, თუ რა ხდება, ცემა, რომელიც, განსაკუთრებით, დაკავების შემდეგ ხდება, წამების ტოლფასია. ეს უნდა შეწყდეს. ვინც ამ ცემების უკან დგას, განსაკუთრებით, კრიმინალური დაჯგუფეები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გასულ უქმეებზე ვიხილეთ, უნდა გამოიძიონ. ძალადობაზე, პოლიციის, სპეცრაზმისა და ამ კრიმინალური დაჯგუფებების სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ვიცი, რომ ზოგიერთ მათგანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით აქვს ბრალი წარდგენილი. ეს ხალხი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.