10 დეკემბერს თბილისში დატრიალებულმა უმძიმესმა შემთხვევამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.
ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული. მოკლული ბიჭის ახლობლები ჰყვებიან, რომ მინდორაშვილი წარსულში ნასამართლევია, ის კახეთიდან არის. ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.
"ლაშა და მკვლელობაში ბრალდებული საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ბრალდებულს ჩვენებაში უთქვამს, ცუდად შემომხედა და ამიტომ ვკარი ხელიო. გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გავმხდარიყავით მისი მსხვერპლი. ლაშა მშენებლობაზე მუშაობდა, თბილისში ამიტომ ჩამოვიდა, ისე სოფელში ცხოვრობდა. მეტროში ჩავიდა, რადგან მაგ დღეს სოფელში ბრუნდებოდა" - უთხრა "ამბებს" მოკლული ახალგაზრდას ახლობელმა.