„ვაშინგტონ პოსტი“: სირიელი მეამბოხეები, რომლებმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა შეძლეს, დახმარებას უკრაინიდან იღებდნენ

„ვაშინგტონ პოსტი“: სირიელი მეამბოხეები, რომლებმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა შეძლეს, დახმარებას უკრაინიდან იღებდნენ

სირიელი მეამბოხეები დახმარებას უკრაინიდან იღებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი და მწერალი დევიდ იგნატიუსი წერს, მეამბოხეები, რომლებმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა შეძლეს, უკრაინიდან იღებდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს, იღებდნენ დახმარებას უკრაინელი მზვერავებისგან, რათა ზიანი მიეყენებინათ რუსეთისა და მისი სირიელი მოკავშირეებისთვის.

დევიდ იგნატიუსი წერს, რომ ინფორმაცია უკრაინელ სამხედროებთან დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინამ სირიაში დრონების 20 ოპერატორი გაგზავნა და მეამბოხეებს 150 უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უკრაინის დახმარებამ ასადის რეჟიმის დამხობაში მოკრძალებული როლი ითამაშა, თუმცა ეს მიუთითებს უკრაინის ძალისხმევაზე, ფარული დარტყმები მიაყენოს რუსეთის ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

იგნატიუსის თქმით, უკრაინის მიერ სირიელი მეამბოხეების დახმარების ფაქტი საიდუმლოს წარმოადგენდა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„უკრაინის მოტივაცია თვალსაჩინოა: უკრაინელები რუსეთის ზეწოლას ქვეყნის შიგნით აწყდებიან, ამიტომ უკრაინული დაზვერვა ეძებს სხვა ფრონტებს, სადაც მას შეუძლია რუსეთის იტერესების განადგურება“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვაც ამტკიცებდა, რომ უკრაინა სირიელ მეამბოხეებთან თანამშრომლობს. მოსკოვში იმასაც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელი მზვერავები იდლიბში იმყოფებიან.