თავი დაანებონ შიდა ჩარევებს სამუდამოდ. გაიგონ, რომ ეს ქვეყანა - საქართველო შედგა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის მაქსიმუმზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსის განცხადების შეფასებისას.
„ევროპის სახელით ნუ ლაპარაკობენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც იმ ქსელში მოიაზრებიან, რომელიც აგენტურული ოპოზიციის საერთო ჯამში იხარშება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ევროპარლამენტარი ოპოზიციაში ჩამდგარი, რომლებიც უმაგრებენ ზურგს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას როგორც მაშველი რგოლები. მაშველ რგოლად უფრო დიდი, მკაფიო, ხისტი და მავნებლური განცხადებებიც კი არ გამოადგათ და ერთი ადამიანი რომ, ზოგი ლობიზმით, ზოგი დაქირავებით, ზოგი მათი საერთო პატრონის დავალებით განცხადებებს აკეთებს, ვერაფერს ვერ დააკლებს ამ ქვეყანას.
თავი დაანებონ შიდა ჩარევებს სამუდამოდ. გაიგონ, რომ ეს ქვეყანა - საქართველო შედგა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის მაქსიმუმზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
მოკრძალებული წვლილი მაქვს ჩემს მეგობრებთან, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და მთავარ ადამიანთან - ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შევძელით, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი ყოფილიყო მაქსიმალური, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა და თუ მე პიროვნულად, პატარა მოკრძალებული წვლილი მაქვს და ერთი აგური მაქვს ამ საქმეში დადებული, ვიქნები ბედნიერი ადამიანი. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, სწორედ ამას ვერ ეგუებიან გარე ძალები.
„არავის სჭირდება - არც ოკუპანტ ქვეყანას, არც ვიღაც-ვიღაცებს კიდევ გარეთ, რომ ქვეყანა ასე დამოუკიდებელი იყოს იმიტომ, რომ მერე ჯაშუშები ვერ მართავენ, ხელისუფლებაში ჯაშუშების მოსვლის შანსი არის გაცილებით ნაკლები. ამიტომაც აქედან დაგვარტყამენ ხოლმე, მერე ოკუპანტი ქვეყნიდან გამოეხმაურებიან. მერე მოგვადგებიან ჟურნალისტები, რომლებიც თურმე ფინანსდებიან რუსული ქოლცენტრიდან და გვკითხავენ, არ გიქმნით უხერხულობას ლავროვის ან ვიღაც რუსი პოლიტიკოსების განცხადებაო. იქმნება ორმხრივი წნეხი, ზოგი ქება-დიდებით და ზოგი დარტყმებით, რაღაც სისულელეებით, ქმნიან ფონს, რომ რუსული ხელისუფლებაა, რომ „საბაკა“ ერქმევა საქართველოში ძაღლს, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ, რომ 400 ათასი ხმა გაყალბდა - ამ სისულელეებს აღარ დავექვემდებარებით და გვეცოდინება, რომ საკუთარი თავის და სამშობლოს წინაშე ვიქნებით ყოველთვის მართლები. ზუსტად ვიცით, რომ საუბედუროდ, ქართველები რომ ჰქვიათ და აქ რომ ვერ შემოდიან, მათგან განსხვავებით, ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილს პასუხობს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა:
„არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის“.